შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთს მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს, თუ უკრაინაში სამხედრო აგრესიას გადაწყვეტს. ამის შესახებ ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე თქვა.
"რუსეთი პასუხს აგებს, თუ შეიჭრება და პასუხის მასშტაბები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას გააკეთებს", - თქვა ბაიდენმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დასავლეთის რეაგირება დამოკიდებული იქნება რუსეთის ქმედებებზე, მასშტაბებსა და შედეგებზე. პრესკონფერენციაზე ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთს ძვირად დაუჯდება უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა, მაგრამ "მცირე შეჭრის" შემთხვევაში, შესაძლოა, მოსკოვმა ნაკლებად სერიოზული საფასური გადაიხადოს.
"უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს კატასტროფული ეკონომიკური სანქციები ემუქრება. მოსკოვის ასეთი ქმედები იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური მოვლენა მისი შედეგების თვალსაზრისით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ", - თქვა მან.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთისადმი დაწესებული სანქციები იქნება იმ მასშტაბის, როგორიც აქამდე არავის უნახავს.
ბაიდენმა განაცხადა, რომ ერთ-ერთ მკაცრ ზომად რუსული ბანკების მიერ დოლარით ტრანზაქციების განხორციელების შეზღუდვა განიხილება.
პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ დაძაბულობის განმუხტვის მიზნით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან კიდევ ერთი სამიტის გამართვის შესაძლებლობა არსებობს.
მან გაიხსენა წინა საუბრები პუტინთან და თქვა, რომ პუტინი ორი რამეს ითხოვდა - კიევი არასდროს უნდა გახდეს ნატო-ს წევრი და უკრაინაში სტრატეგიული იარაღი არ უნდა განთავსდეს.
ბაიდენმა თქვა, რომ პუტინის პირველი მოთხოვნის განხილვა შეუძლებელია, ხოლო მეორესთან დაკავშირებით შეიძლება "რაღაც კონსენსუსამდე მივიდეთ".
ამასთან, ბაიდენმა აღნიშნა, რომ მოკლევადიან პერიოდში უკრაინის ნატოში გაწევრიანების ალბათობა დაბალია, რადგან ალიანსში გაწევრიანების ყველა კრიტერიუმი არ არის დაკმაყოფილებული კიევის მიერ.
"მათ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ", - თქვა ბაიდენმა და დასძინა, რომ ნატო-ს სხვა მოკავშირეებიც მზად უნდა იყვნენ უკრაინის ალიანსში მისაღებად.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, თეთრმა სახლმა განმარტა ბაიდენის მიერ ნახსენები ფრაზა უკრაინაში რუსეთის "მცირე შეჭრის" თაობაზე.
ფოტო: AP