სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სამედიცინო კონსილიუმთან ერთად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული მორიგი და შემაჯამებელი დასკვნა წარადგინა.
სამედიცინო კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტები 23 ნოემბერს, 12 დეკემბერსა და 11 იანვარს განახორციელეს.
სახალხო დამცველის განცხადებით, კონსილიუმის მიერ გაცემული რეკომენდაციები მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე, კვლავაც შეუსრულებელია.
"დღეს ჩვენ წარმოვადგენთ ერთგვარად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შემაჯამებელ ანგარიშს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თუ წარმართული სამედიცინო მკურნალობის თაობაზე, ვინაიდან, ჩვენ დავინახეთ, რომ ამ სამი ვიზიტის განმავლობაში (პირველი განხორციელდა 23 ნოემბერს, შემდგომ 12 დეკემბერს და ბოლო 11 იანვარს), არსებითი ცვლილებები მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა; ძირითადად, პაციენტი იმყოფება მედიკამენტოზურ მკურნალობაზე, თუმცა კვლავ შეუსრულებელია ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე, რომელიც გავეცით ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს.
თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ აღნიშნული სამედიცინო დახმარების და სერვისის მიწოდება არ ხორციელდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, არსებითად თუ არ შეიცვალა ვითარება, როგორც მკურნალობის მეთოდოლოგიის, ასევე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დამატებით კიდევ განვახორციელოთ ვიზიტი, ვინაიდან სამმა ვიზიტმა დაგვანახა, რომ მკურნალობის მიდგომების თვალსაზრისით და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, არსებითი ცვლილებები არ არის.
ამიტომ შეგიძლიათ, ჩათვალოთ, რომ ამ ეტაპისთვის ეს ანგარიში შეფასებები და რეკომენდაციები იქნება შემაჯამებელი შეფასებები პაციენტის მდგომარეობის და საჭირო და აუცილებელი სამედიცინო დახმარების თაობაზე. ვიზიტი განახორციელა ხუთმა ექიმმა, თუმცა კონსილიუმის განხილვებში მონაწილეობას იღებდა რვა ექსპერტი და შესაბამისად, რვა სამედიცინო ექსპერტი აწერს ხელს აღნიშნულ დასკვნას", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.