რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გაჩერდება მხოლოდ იქ, სადაც მას გააჩერებენ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთი დარჩეს ერთიანი, გააფრთხილოს კრემლი მოსალოდნელი შედეგების შესახებ და განაგრძოს დიპლომატია - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გერმანულ გამოცემა BILD-თან ინტერვიუში.
კითხვაზე, თუ როგორ უნდა უპასუხოს დასავლეთმა პუტინის მუქარას, დიმიტრი კულებამ უპასუხა, რომ რუსეთის ფედერაციის ლიდერი არის "შიშის დათესვის ოსტატი" და ახლა თვითონ შექმნა კრიზისი, რათა ჰქონდეს დათმობების მოთხოვნის მიზეზი.
"წლების განმავლობაში პუტინის ქცევის მოდელი ყველასთვის ნათელია. ჯერ ის ქმნის პრობლემებს და კრიზისებს, შემდეგ იწვევს სხვებს, რათა ერთად განხილონ მათი გადაწყვეტის გზები და ბოლოს, გვთავაზობს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მოითხოვს დათმობებს ოპონენტებისგან. ჩვენ ყველამ ვნახეთ ეს, თანაც ბევრჯერ. პუტინი ჩერდება მხოლოდ იქ, სადაც მას აჩერებენ, მას მხოლოდ ძალის ენა ესმის. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი ძალა ჩვენს ერთიანობაშია, ამიტომ ერთად ვმუშაობთ სამსაფეხურიანი შეკავების პაკეტის შემდგომ განხორციელებაზე. აუცილებელია, რუსეთს დავანახოთ საფასური, რისი გადახდაც მოუწევს შემდგომი აგრესიისთვის. ამავდროულად, აუცილებელია მოსკოვის ჩართვა დიპლომატიურ პროცესში", - თქვა კულებამ.
კითხვაზე, გახდა თუ არა უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარება უფრო უსაფრთხო ამ კვირაში რუსეთსა და დასავლეთს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, კულებამ თქვა, რომ ჯერჯერობით, მისი აზრით, დასავლეთის სტრატეგია მუშაობს.
"სიტუაცია ნაკლებად უსაფრთხო მაშინ იქნებოდა, თუ რუსეთი მოახერხებდა დასავლეთის დაყოფას, ან აიძულებდა მათ ფუნდამენტური პრინციპების დარღვევას, მაგრამ კრემლმა ამას ვერ მიაღწია. ამიტომ, შეკავების საერთო სტრატეგია მუშაობს და აძლიერებს უსაფრთხოებას რეგიონში. მე მჯერა დიპლომატიის ძალის და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ყველა ძალისხმევა მიმართულია რუსეთის შემდგომი ესკალაციისგან შეკავებისა და დაძაბულობის შემცირებისკენ. უკრაინას სურს მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა თავისთვის და მთელი ევროპისთვის. უკრაინის უსაფრთხოება არის ევროპის უსაფრთხოება", - განაცხადა მან.