სამხრეთ კავკასიაში შექმნილ 3+3 ფორმატში საქართველოს მონაწილეობა არ დაავალდებულებს მას, შეცვალოს თავისი პოლიტიკური პოზიციები, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავორმა ყოველწიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"შეიძლება შევთანხმდეთ, რომ ამ ფორმატში განვიხილავთ მხოლოდ იმ თემებს, რომლებიც ყველა მონაწილის ინტერესშია", - ციტირებს ლავროვის სიტყვებს რუსული სააგენტო "ტასი".
ლავროვის განცხადებით, მოსკოვს არ აქვს თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები, ამიტომაც შეზღუდულია შესაძლებლობა იმისა, რომ აიხსნას ამ ფორმატის უპირატესობა.
"ჩვენ მივმართეთ თურქ და აზერბაიჯანელ მეგობრეს, სომხეთს, რომ აუხსნან ქართველ მეზობლებს ამ ფორმატის სარგებელი როგორც მათთვის, ასევე ყველა ჩვენგანისთვის. ამ ფორმატში ჩართულობა არ დაავალდებულებს საქართველოს არაფერში, რაც მის პოლიტიკურ პოზიციებს შეეხება", - თქვა ლავროვმა.
მისივე თქმით, საქართველოს ინტერესებში შედის "3+3" ფორმატში წინაპირობების გარეშე გაწევრიანება.
"ამჟამად, ჩვენს ქართველ კოლეგებს ვეკონტაქტებით ჟენევის დისკუსიის, ასევე არაოფიციალური არხის (აბაშიძე-კარასინი) ფარგლებში, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის წინ შეიქმნა, მაგრამ ვფიქრობ, 3+3 ფორმატში დაწყებული პროცესები ბევრად მნიშვნელოვანია, რადგან აქ განიხილება მთელი რეგიონის განვითარების პერსპექტივები“, - დასძინა ლავროვმა.
შეგახსენებთ, გასული წლის 10 დეკემბერს მოსკოვში, 3+3 ფორმატის ფარგლებში, რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე, პირველი შეხვედრა გაიმართა.
ამ შეხვედრას საქართველო არ ესწრებოდა, თუმცა დროშა მაინც იყო წარმოდგენილი. შეხვედრაზე ქართული დროშის წარმოდგენას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიუღებელი უწოდა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა "სამხრეთ კავკასიაში ექვსი ქვეყნის პლატფორმის" შექმნის იდეა 10 დეკემბერს ბაქოში წამოაყენა.
ერდოღანის მტკიცებით, პლატფორმა გულისხმობს ირანის, რუსეთის, თურქეთის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაჯიანის თანამშრომლობას, რომელიც ფოკუსირებული იქნება უსაფრთხოების, ეკონომიკურ და სატრანსპორტო საკითხებზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველო არ განიხილავს ოკუპანტ რუსეთის ფედერაციასთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას.