ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი რუსეთს ეწვევა. იუწყება ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA.
გავრცელებული ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტი მოსკოვს უახლოეს დღეებში ეწვევა და რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს შეხვდება. მიუხედავად იმისა, რომ თეირანი და მოსკოვი პრეზიდენტების შეხვედრას ადასტურებენ, ვიზიტის კონკრეტული თარიღი არ სახელდება.
გამოცემის ცნობით, რომელიც ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სიტყვებს იმოწმებს, ებრაჰიმ რაისის რუსეთში ვიზიტის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ სავაჭრო ურთიერთობებისა და ფინანსური შეთანხმებების შესახებ მოლაპარაკებები უმაღლეს დონეზე წარიმართება.
ირანის ელჩმა მოსკოვში ქაზემ ჯალალიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ რაისის მომავალი ვიზიტი რუსეთში გარდამტეხი იქნება ორ ქვეყანას შორის ისტორიულ ურთიერთობებში.
გასული წლის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ ვლადიმირ პუტინმა ირანის პრეზიდენტი მოსკოვში მიიწვია.
ბოლოს ირანის პრეზიდენტის ვიზიტი მოსკოვში 2017 წელს გაიმართა. იმ დროს ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი იყო.