ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა დაიწყო. ბოლოს, საბჭოს სხდომა 2019 წლის ივლისში გაიმართა.
ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30 ქვეყნის წარმომადგენელი და გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ესწრება.
რუსეთის დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკო ხელმძღვანელობს, მასში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინიც იმყოფება.
საბჭოს სხდომაზე, შეერთებულ შტატებს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი წარმოადგენს, ხოლო ალიანსის სხვა წევრ ქვეყნებს მათი ელჩები ან სხვა ოფიციალური პირები წარმოადგენენ.
მოელიან, რომ საბჭოს სხდომაზე, რუსეთის წარმომადგენლები დაჟინებით მოითხოვენ "უსაფრთხოების გარანტიების შესახებ" წინადადებების დაკმაყოფილებას, რაც კრემლმა დეკემბრის ბოლოს წარადგინა.
თავის მხრივ, ნატო-ს წევრები გამოიყენებენ შესაძლებლობას და მოუწოდებენ რუსულ მხარეს, მიიღოს შესაბამისი ზომები უკრაინასთან კონფლიქტის დეესკალაციისა და მის საზღვრებთან განლაგებული სამხედრო ძალების გაყვანისთვის.
როგორც სააგენტო DPA იტყობინება, დასავლეთი ამ შეხვედრისგან რაიმე გარღვევას არ მოელის, რადგან რუსეთის მოთხოვნების უმეტესობა ნატო-სთვის მიუღებელია. ამასთან, შეხვედრის ჩატარების ფაქტს მიესალმებიან, რადგან ამ ფორმატში ბოლო მოლაპარაკება 2019 წლის ივლისში გაიმართა.
რუსული სააგენტო Tass-ი იუწყება, რომ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა "თბილ ატმოსფეროში" დაიწყო.
ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა ამ კვირაში მოსკოვთან დიპლომატიური მოლაპარაკებების ერთ-ერთი ეტაპია. 10 დეკემბერს ვენდი შერმანმა ჟენევაში მოლაპარაკებები გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სერგეი რიაბკოვთან. 14 იანვარს გაგრძელდება კონსულტაციები ვენაში, ეუთო-ს ფორმატში.
რუსეთის ხელისუფლება, რომელიც ბოლო თვეებში უკრაინის საზღვართან ჯარების და სამხედრო ტექნიკის მობილიზაციას ახორციელებს, კატეგორიულად უარყოფს უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის განზრახვას და, თავის მხრივ, დასავლეთს უკრაინის შეიარაღებასა და რუსეთის საზღვრებთან წვრთნების ჩატარებაში ადანაშაულებს.
რუსეთი მოითხოვს, ნატო-მ ხელი აიღოს გაფართოებაზე და ალიანსში უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე.
შეერთებული შტატები, ნატო და დასავლეთის მთავრობები, ნატოს გაფართოების შესახებ, რუსეთის მოთხოვნებს, კატეგორიულად უარყოფენ.
ფოტოზე: შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკო და რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი. AP