ჩვენი პარტნიორების პოზიცია საქართველოსთან მიმართებით არის ურყევი, შეუცვლელი, აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
მისი განმარტებით, რუსეთ-ნატოს კომისიის ფარგლებში მიმდინარე განხილვებზე, საქართველოს ნატო-ელი პარტნიორების პოზიცია იქნება უცვლელი, ძალიან მყარი.
„ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან, ასევე ნატო-სთან. მოგეხსენებათ, სატელეფონო საუბარი მქონდა სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანთან. ის გახლავთ მთავარი მომლაპარაკებელი რუსეთთან უსაფრთხოების დიალოგის მიმართულებით. ასევე სატელეფონო საუბარი მქონდა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანასთან და ორივე საუბრის შინაარსი მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენი პარტნიორების პოზიცია საქართველოსთან მიმართებით არის ურყევი, შეუცვლელი. მიუხედავად იმ მოთხოვნებისა და ძალიან მძაფრი რიტორიკისა, რომელიც ჩვენ გვესმის რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია არის ძალიან მყარი. მათ რუსეთის ფედერაციას კიდევ ერთხელ, ორმხრივი დიალოგის ფარგლებში მკაფიოდ განუმარტეს, რომ უსაფრთხოების გარანტიები და ალიანსების არჩევანი არის იმ ქვეყნის გადასაწყვეტი, რომელსაც სურს ნატო-ში გაწევრიანება", - აცხადებს ზალკალიანი.