დედაქალაქის მერმა მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერი ერთ-ერთ ბენეფიციარს, თინათინ უკლებას პირადად გადასცა.
კახა კალაძის თქმით, სოციალურად დაუცველი პენსიონერები აღნიშნული ვაუჩერით წლის განმავლობაში მრავალჯერადად ისარგებლებენ.
"დღეს ერთ-ერთ ბენეფიციართან, ქალბატონ თინათინთან ვიყავით. მას სიმბოლურად გადავეცით ვაუჩერი და საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც დეტალურადაა აღწერილი სხვა პროგრამებიც, რომლითაც შეუძლიათ, ისარგებლონ. ეს არის სამედიცინო გამოკვლევების პროგრამები, სხვადასხვა დაფინანსება და ა.შ. ვაუჩერით სარგებლობისთვის მთავარია, ბენეფიციარებს ჰქონდეთ ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატების ჩამონათვალი. ნებისმიერ აფთიაქში შეუძლიათ, მივიდნენ და აღნიშნული ვაუჩერი ერთი წლის განმავლობაში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გამოიყენონ. ეს იქნება ერთგვარი შვება მათთვის, რომ შეძლონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლების შეძენა", - განაცხადა კახა კალაძემ.