ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი "ჯანმრთელობის სერიოზული გართულების" გამო გასული წლის 26 დეკემბერიდან იტალიის საავადმყოფოში იმყოფება. იტყობინება Politico სასოლი პრესსამსახურზე დაყრდნობით.
გავრცელებული ცნობით, დევიდ სასოლიმ გააუქმა ყველა ოფიციალური შეხვედრა და აქტივობა.
"ჰოსპიტალიზაცია გარდაუვალი იყო ჯანმრთელობის სერიოზული გართულების გამო, რომელიც იმუნური სისტემის დისფუნქციამ გამოიწვია. შედეგად ევროპის პარლამენტის პრეზიდენტმა გააუქმა ყველა დაგეგმილი აქტივობა", - ნათქვამია განცხადებაში.
რამდენიმე თვის წინ, სასოლი პნევმონიით გამოწვეული გართულების გამო სტრასბურგის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას.
Politico-ს ინფორმაციით, ორ თვეზე მეტია, იტალიელი სოციალ-დემოკრატი პოლიტიკოსი ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
სასოლის პრესსპიკერმა, პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი დეტალები არ გაამხილა, მაგრამ დაადასტურა, რომ მომავალ კვირას სტრასბურგში, ევროპის პარლამენტის პლენარულს სხდომას ვერ დაესწრება.