რუსთავის მე-12 დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია.
გიული ალასანიამ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი "ვივამედის" ექიმმა მოინახულა, თუმცა მისი თქმით, ის ექიმის დასკვნას არ გაცნობია. მანვე აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტი კვლავ საჭიროებს დამატებით გამოკვლევების ჩატარებას.
"მეც არ მინახავს დოკუმენტი, კმაყოფილი დარჩა იმ ექიმის გასინჯვით, უთხრა თავისი აზრი. შესაბამისი გამოკვლევა არ ჩატარებია, მე მგონი ფიქრობენ ახლა იმაზე, როგორ უნდა მოხერხდეს ეს ტექნიკურად, ეს აუცილებლად გასაკეთებელია. მერე, რაც მთავარია, ეს ექიმები უნდა შევიდნენ.
თვითონ მხნედ არის, ოპტიმისტურად არის და მიაჩნია, რომ ეს დროებითია, როგორც მე. ჯანმრთელობის მდგომარეობა ასეთია, რომ ის სიმპტომები, რაც ადრე ჰქონდა ისევ აქვს, ოღონდ უფრო გაუარესებული. თავის ტკივილები აქვს, ძილის პრობლემა, ტრემორი, ხელ-ფეხის დაბუჟება, ოღონდ უფრო მძიმე ფორმით", - თქვა გიული ალასანიამ.
გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი 27 დეკემბერს, ღამით გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ოფიციალურად, ამ დრომდე არაფერია ცნობილი.