ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის პროექტი მომზადებული იყო სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლების მიერ იმ ქვეყნების წარმომადგენელთა დახმარებით, რომლებმაც საქართველოდ დღევანდელ მდგომარეობამდე მიიყვანეს და აგვისტოს ომში გზა დაულოცეს. ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის კომენტირებისას გააკეთა.
"საქართველოს ხელისუფლებაში დიდი სიხარული გამოიწვია იმან, რომ რეზოლუციაში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი "ოკუპირებულ ტერიტორიებადაა" მოხსენებული. ვურჩევ ამ რეზოლუციის ავტორებსა და მისი მხარდამჭერი ქვეყნების წარმომადგენლებს, უფრო კარგად შეისწავლონ, თუ რას ნიშნავს ტერმინი - "ოკუპირებული ტერიტორია". დღეისათვის ოკუპირებული ტერიტორიებია ერაყი და ავღანეთი, თუმცა მათ მიმართ ასეთ რეზოლუციებს რატომღაც არ იღებენ", _ აცხადებს ჩოჩიევი.
მისი განცხადებით, აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთ ოსეთი არასოდეს ყოფილან ოკუპირებული ტერიტორიები და ძალიან დასანანია ის, რომ ხალხის გადარჩენა სრული განადგურებისგან "ოკუპაციად" ფასდება.
"იმის ნაცვლად, რომ რუსეთს მადლობა გადაუხადონ ნატოს წევრი სახელმწიფოები რუსეთს აკრიტიკებენ. ყოველივეს მიზეზი კი ორმაგი სტანდარტების პოლიტიკაა. ეს აშშ-ის პოლიტიკაა - კარნახი და თავსმოხვევაა. ცხადია, რომ აგვისტოს ომში გარდაცვლილი ადამიანების, როგორც ოსების ისე ქართველების სისხლი აშშ-ის ხელისუფლების სინდისზეა", _ აცხადებს ჩოჩიევი.
ცხინვალის რეგიონის სეპარატისტი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთს საქართველოდან არავითარი დახმარება არ სჭირდება _ "საქართველოდან "დახმარება" აგვისტოში უკვე მივიღეთ, ამერიკული ბომბებისა და ნაღმების სახით", _ აცხადებს ჩოჩიევი და დასძენს, _ "დარწმუნებული ვარ, როდესაც სამხრეთ ოსეთს ეყოლება ძლიერი არმია, საქართველო იძულებული იქნება ხელი მოაწეროს შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ".
შეგახსენებთ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, რომლის სახელწოდებაა "სიტუაცია საქართველოში", აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული. ქართული მხარის მოლოდინის შესაბამისად, დოკუმენტში ყოველგვარი განმარტებების გარეშე ჩაიწერა ტერმინები "ოკუპაცია" და "ეთნიკური წმენდა".
გარდა ამისა, რეზოლუციაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მკაცრად აკრიტიკებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში რუსეთის ქმედებებს და მისგან, როგორც ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს, ისე დაჟინებით მოუწოდებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაბრუნებას ხელი არ შეუშალოს.
აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის ტექსტის აღნიშნული ფორმით მიღებას რუსეთის დელეგაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.