მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატებმა მოინახულეს.
როგორც ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს აქვს მოთხოვნები, რომლის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, 6 იანვრიდან პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს.
ადვოკატის თქმით, სააკაშვილი ითხოვს კომუნიკაციის აღდგენის შესაძლებლობას კონფინდენციალურობის დაცვით და დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფისთვის მის მონახულებაზე ნებართვის მიცემას.
"შეხვედრების დროს არ გვაქვს საშუალება, მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია გვქონდეს კონფიდენციალურად. ყველანაირი სივრცე მყარი ბარიერითაა ამოქოლილი, რაც ადვოკატისა და დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების ფუნდამენტური დარღვევაა. ჩვენ არ გვაქვს საშუალება, წერილობითი კომუნიკაცია გვქონდეს, რაც იყო ერთადერთი საშუალება, ვყოფილიყავით დარწმუნებული, რომ არავინ გვისმენდა. ამჟამად, ეს შესაძლებლობა არ არსებობს. მას მხოლოდ იმის საშუალება აქვს, რომ გასვლის წინ მაგიდაზე რაღაც დაგვიტოვოს. რა თქმა უნდა, ეს ვერ უზრუნველყოფს, გვქონდეს კომუნიკაცია, რათა გავცვალოთ აზრები. ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მივიღებთ ორ შედეგს: პირველი – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუქცევადი გახდება და შესაძლოა, მისი სიკვდილიც კი გამოიწვიოს. მეორე – ეს პრობლემები 6 იანვრამდე თუ არ იქნება მოგვარებული და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ კანონის სრული იგნორირებით გააგრძელოს პოლიტიკური პატიმრის, პოლიტიკური ტყვეს უფლებების შელახვა, ამ შემთხვევაში, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს", – აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.