ჩრდილოეთი კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, რომელიც ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან მე-10 წლისთავს აღნიშავს, მმართველი პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ 2022 წელს ეკონომიკა უმაღლესი პრიორიტეტი იქნება.
ჩრდილოეთ კორეის ისედაც მყიფე ეკონომიკას, რომელიც წლებია სანქციების ქვეშ იმყოფება, ძირი გამოუთხარა საზღვრების სრულად დაკეტვამ, რომელიც რეჟიმმა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოიღო.
ეკონომიკურმა სტაგნაციამ ქვეყანაში სურსათის მწვავე დეფიციტი გააჩინა, რასაც თავად კიმ ჩენ ინიც აღიარებს.
პარტიის ყრილობისადმი მიმართვაში, კიმ ჩენ ინს არ უხსენებია აშშ ან სამხრეთ კორეა, რომელიც როგორც წესი მისი ყურადღების მიღმა იშვიათად რჩება. კიმ ჩენ ინის თქმით, მისი მთავარი ამოცანაა ეკონომიკური განვითარება და ცხოვრების დონის გაუმჯობესება.
მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მთავარ ამოცანად უნდა დარჩეს ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასაწევი სამუშაოები.
მაგრამ კიმმა ასევე თქვა, რომ ფხენიანი გააგრძელებს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას "კორეის ნახევარკუნძულზე მზარდი არასტაბილური სამხედრო ვითარების გამო".
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კიმ ჩენ ინი ეკონომიკურ სიდუხჭირესა და საკვების დეფიციტზე საუბრობს. გასული წლის ოქტომბერში, მან მოსახლეობას მოუწოდა, ვიდრე ქვეყანა ჩინეთთან საზღვრებს გახსნის, ყველა ღონე იხმარონ, რათა 2025 წლამდე ნაკლები საკვები მიირთვან.
კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეა ჩინეთთან საზღვრის გახსნას 2025 წლისთვის გეგმავს.
ჩრდილოეთ კორეამ კორონავირუსის პანდემიის გამო ჩინეთთან საზღვრები 2020 წლს დაკეტა. ამ ნაბიჯმა დამანგრეველი ზემოქმედება მოახდინა ისედაც დასუსტებულ ეკონომიკაზე, ფასები მკვეთრად გაიზარდა და შეიქმნა პროდუქტების დეფიციტი.
ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის მთავარი სავაჭრო პარტნიორია, საიდანაც ის იღებს სურსათს, სასუქსა და საწვავს.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ქვეყანაში არსებული სურსათის მწვავე დეფიციტის შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში იუწყებოდა. ოფიციალური პირები კრიზისის შექმნაში სტიქიურ უბედურებებს, დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებსა და პანდემიას ადანაშაულებენ.