სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით კანონის მიღების ფაქტს გამოეხმაურა.
"საბედნიეროდ, საქართველოს პარლამენტმა, ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის სამდღიანი ბრძოლის შემდეგ, შეცვალა დამოკიდებულება სამსახურის თანამშრომლებთან მიმართებით და მიიღო გადაწყვეტილება თანამშრომლები გადაანაწილოს ახლად შექმნილ ორ უწყებაში, თუმცა ეს არ ცვლის შედეგს - დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი აღარ არსებობს. არა მგონია ამ გზავნილის შემდეგ რომელიმე თანამდებობის პირმა შეძლოს დამოუკიდებლად მისი საქმიანობის წარმართვა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება. ცხადია ეს ძალიან საშიშია, როგორც ადამიანის უფლებებისთვის, ასევე დამოუკიდებელი ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის.
მიღებული კანონის თანახმად, სამსახურიდან გაგვათავისუფლეს მე და ჩემი მოადგილეები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მათთვის მიუღებელი იყო დამოუკიდებელი ორგანო დამოუკიდებელი ხელმძღვანელებით. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ყველამ ერთად, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ მიუღებელია ობიექტური და კანონიერი შეფასებები.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გუშინ აღნიშნა, რომ ამ ახალი კანონით ამჯერად შეიქმნა ორი ანტიკონსტიტუციური ორგანო. ანუ, გარდა იმისა, რომ პარლამენტმა პირდაპირ აღიარა ანტიკონსტიტუციური კანონის მიღება, რაც უკვე ნონსენსია, ფაქტობრივად დაანონსა ამ ორი ახალი სამსახურის გაუქმებაც და მათ მომავალ ხელმძღვანელებს გაუგზავნა ძალიან მკაფიო მესიჯი, რომ თუ ისინიც იმოქმედებენ დამოუკიდებლად, არანაირი პრობლემა არ იქნება მათი სახლში გაშვებაც.
სამწუხაროდ, კომიტეტის სხდომაზე ვერ მოვისმინე ვერც ერთი დასაბუთებული პასუხი ჩემს კითხვებზე: 1) ვერ მივიღე პასუხი რატომ არ ვიყავით ჩართულები ამ ე.წ. რეფორმაში, 2) ვერ მივიღე პასუხი კითხვაზე, რატომ მიმდინარეობდა პროცესი დაჩქარებული წესით, 3) ვერ მივიღე პასუხი რეფორმირებული უწყების ხელმძღვანელად რატომ არ შეიძლება დარჩეს უწყების ხელმძღვანელი რომელიც 6 წლითაა არჩეული, 4) ვერ მივიღე პასუხი, რითი ძლიერდება ეს ორი მიმართულება გაყოფის შემდეგ, 5) ვერ მივიღე პასუხი რომელ ევროპულ ქვეყანაში ტარდება რეფორმები ასეთი მეთოდებით. ნაცვლად იმისა, კომიტეტის სხდომაზე მაინც ეკითხათ ჩემთვის, რა გამოწვევები ჰქონდა სამსახურს და რა მოსაზრებები მქონდა ამ კანონპროექტზე, ერთადერთი წუხილი, რომელიც პარლამენტს ჰქონდა იყო ის, თუ საიდან მოიპოვა უწყების ხელმძღვანელმა კანონპროექტი, რომლითაც უწყებას უშლიან და თანამდებობას უუქმებენ. ანუ, საიდან მოიპოვა უწყების ხელმძღვანელმა ის კანონპროექტი, რომლის გადმოგზავნის ვალდებულება პარლამენტს კანონით ჰქონდა დაკისრებული", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.