სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით კანონის მიღების ფაქტს გამოეხმაურა.
ლონდა თოლორაიას განცხადებით, კანონი მიღებული იქნა ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების სახელით, მაშინ როცა ამ კანონს, მისი მიღების ფორმას და მეთოდებს, არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან.
"კანონი მიღებული იქნა ევროპული ღირებულებების სახელით, მაშინ როცა კანონის მიღების შეჩერება მოითხოვა ევროკავშირმა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, გაერომ, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ევროპარლამენტარებმა, ამერიკის ელჩმა. ყველა მათგანმა მიუთითა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის დაშლა ასეთი დაჩქარებული წესით, გაუმჭვირვალედ, იყო მიუღებელი და ამ კანონის მიღება უნდა დაფუძნებოდა ფართო დისკუსიებს, ღია და ღრმა განხილვებს, მათ შორის ამ დისკუსიებში პირველ რიგში ჩართული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რეფორმა უნდა განხორციელებულიყო ფრთხილად და თანამდებობის პირების მიმართ მსგავსი მსუსხავი ეფექტის თავიდან არიდების გზით. ასევე მიუთითეს, რომ ეს პროცესი საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას და ძირს უთხრის სამსახურის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას.
ასევე, კანონი მიღებული იქნა არასამთავრობო სექტორის მიერ 2018 წელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნამდე გაცემული რეკომენდაციის სახელით. იმ
რეკომენდაციის სახელით, რომელიც სამსახურის შექმნის დროს წინ ედო იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული. კანონი მიღებული იქნა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წლების წინ გაცემული რეკომენდაციის სახელით, რომლებიც დღეს პოზიტიურად აფასებენ სამსახურის საქმიანობას და აღნიშნავენ, რომ სამსახურის მუშაობის დაკვირვების პროცესში არ გამოუვლენიათ არც ერთი პრობლემა, რომელიც ქმნიდა ამ ორ ფუნქციას შორის ინტერესთა კონფლიქტის რისკებს. ამის პარალელურად, საქართველოს პარლამენტმა, ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, უგულვებელყო საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ, სამსახურის შექმნის შემდგომ გაცემული ყველა რეკომენდაცია, რომელიც რეალურად ემსახურებოდა სამსახურის გაძლიერებას და ინსტიტუციურ განვითარებას.
კანონი მიღებული იქნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის ამაღლების სახელით 4 დღეში, მაშინ როცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ევროპული კანონი პარლამენტში ორ წელზე მეტია განუხილველად დევს თაროზე და მისი არც ერთი დებულება ამ ახალ კანონში იმპლემენტირებული არ არის.
კანონი მიღებული იქნა სამოხელეო დანაშაულების საგამოძიებო სამსახურის გაძლიერების სახელით, მაშინ როცა ახალ საგამოძიებო სამსახურს არ დაუმატეს არც ერთი ქმედითი მექანიზმი სამოხელეო დანაშაულების გამოსაძიებლად და არ გაითვალისწინეს არც ერთი ის გამოწვევა, რომელზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიუთითებდა თავის ანგარიშებში, როგორც სამოხელეო დანაშაულების გამოძიების პროცესში დამაბრკოლებელ გარემოებას.
კანონი მიღებული იქნა საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციების შეუთავსებლობის მოტივით, თუმცა სამსახურისთვის არავის უკითხავს თავსდებოდა თუ არა ეს ორი ფუნქცია ერთმანეთთან ან რა გამოწვევები იყო უწყების მიერ ამ ორი ფუნქციის განხორციელების პროცესში. პარლამენტმა ვერ დაასახელა ვერც ერთი კონკრეტული მაგალითი, როდის შექმნა პრობლემა პრაქტიკაში ამ ორი ფუნქციის ერთი უწყების ქვეშ თანაარსებობამ", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.