ეს არის გატაცება და მეტი არაფერი, -"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაყვანის შესახებ მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.
ნიკა მელიას განცხადებით, გადაწყვეტილებები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საქართველოში არ მიიღება.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიუღია არც ბიძინა ივანიშვილს და არც ღარიბაშვილს. ეს გადაწყვეტილება სხვაგან მიიღება რაც არ უნდა ვიღაც ვიღაცეებს ეს ყველაფერი ყურს სჭრიდეს. ეს გადაწყვეტილებები მიხეილ სააკაშვილის ციხიდან ციხეში, ჰოსპიტალიდან ციხეში გატაცებები იგეგმება სხვა ქვეყანაში და ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში ადამიანების მიერ, ვისაც მიტაცებული აქვს სახელმწიფო, თავიდან ბოლომდე ამ პროცესში ჩართულია რუსეთის სპეცსამსახურები," ამბობს ნიკა მელია.
ენმ-ს ლიდერი თქმით, "ბოროტმოქმედი და დამნაშავე" იუსტიციის მინისტრი ბრეგაძე ამ ყველაფრისთვის აუცილებლად აგებს პასუხს.
გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს.