ევროკავშირს სურს მონაწილეობა მიიღოს აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკბებში რუსეთ-უკრაინის საზღვარზე დაძაბულობის დეესკალაციისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ.
"ჩვენ არ გვსურს და თავს უფლებას ვერ მივცემთ გარედან დავაკვირდეთ მოვლენებს", - განუცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა გერმანულ გამოცემა Die Welt-ს.
ბორელის თქმით, "თუ მოსკოვს სურს იანვარში დაიწყოს ევროპაში უსაფრთხოებაზე მსჯელობა და გარანტიებზე საუბარი, უნდა იცოდეს, რომ ეს ის გარემოებები არ არის, რომლებიც მხოლოდ ამერიკასა და რუსეთს ეხება. ევროკავშირი ამ მოლაპარაკებებში უნდა მონაწილეობდეს. ასეთ მოლაპარაკებებს მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ ის მჭიდრო კოორდინაცით და ევროკავშირის მონაწილეობით გაიმართება", - აღნიშნა მან
ბორელის თქმით, მოსკოვს უნდა, რომ შეიქმნას ისეთი სიტუაცია, როდესაც ორი მხარე "ერთმანეთში გავლენის სფეროებს გაიყოფენ", რასაც ევროკავშირი არასდროს დათანხმდება.
ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატმა ასევე მწვავედ გააკრიტიკა მოსკოვის მოთხოვნები უსაფრთხოების გარანტიებისა და ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების შესახებ. ბორელიმ აღნიშნა, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს უფლება აქვს თავად გადაწყვიტოს, შევიდეს თუ არა რომელიმე ალიანსში და ეს არ უნდა გახდეს დისკუსიის საგანი.
"ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - დაწერა იმავე დღეს ბორელმა მიკრობოლოგ Twitter-ზე. მისი თქმით, ევროკავშირის უპირველესი პრიორიტეტია თავიდან აიცილოს შემდგომი ესკალაცია.
"ნებისმიერი დისკუსია ევროპის უსაფრთხოება ევროკავშირთან კოორდინაციითა და მისი მონაწილეობით უნდა ჩატარდეს", - დაწერა ბორელმა.
ცოტა ხნით ადრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები, რომელიც ჟენევაში 10 იანვრისთვის არის დანიშნული, გამჭვირვალე იქნება. თუმცა არ უთქვამს რომ ამ მოლაპარაკებებში ჩათული იქნება ევროკავშირიც.
17 დეკემბერს რუსეთმა გამოქვეყნა მის მიერ შედგენილი შეთანხმების პროექტები, სადაც ნატო-სა და აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიებია მოთხოვნილი.
პირველი დოკუმენტი გამორიცხავს ნატო-ს შემდგომ გაფართოებას და მის შემადგენლობაში უკრაინის მიღებას.
მეორე დოკუმენტში მოსკოვი ვაშინგტონს მოუწოდებს არ განათავსოს შეიარაღება და სამხედროები იქ, სადაც სხვა ქვეყნის მიერ ეს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ იქნება აღქმული, ასევე თავი შეიკავოს თავისი ცის მიღმა მძიმე ბომბდამშენების გაშვებისა და საბრძოლო ხომალდების გაგზავნისგან იმ წყლებში, საიდანაც შესაძლებელი იქნება სხვა ქვეყნის ტერიტორიისთვის დარტყმების მიყენება.
ბოლო პერიოდში რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა შესამჩნევად დაიძაბა უკრაინაში არსებული მდგომარეობის გამო. უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების მასირებული გადასროლის ფონზე, დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს დაიწყებს.