ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, დასავლეთი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეთანხმოს რუსეთს მიერ წამოყენებულ "უსაფრთხოების გარანტიებთან" დაკავშირებულ წინადადებებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კალასმა ETV+თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთთან ამ საკითხზე მოლაპარაკებების გამართვას, "პრინციპში აზრიც არ აქვს".
"უსაფრთხოების თვალსაზრისით, შემაძრწუნებელია, რომ რუსეთთან ასეთი მოლაპარაკებები საერთოდ მიმდინარეობს. მოკავშირეები გვპირდებოდნენ, რომ ამ ტიპის მოლაპარაკებები არ იქნებოდა, რადგან ასეთი მოთხოვნები [რუსეთისგან] მიუღებელია. ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ რუსეთის მიმართ ჩვენ ნაკლებად გულუბრყვილოები ვართ, ვიდრე ზოგიერთი ჩვენი მოკავშირე, ამიტომ უბრალოდ არ შეგვიძლია გავჩუმდეთ. მაგრამ არის პოზიტიური ეპიზოდებიც, გვისმენენ, გვეკითხებიან, ჩვენთან დისკუსიას მართავენ", - თქვა კალასმა.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთი ცდილობს დასავლეთი სამყაროს გავლენის სფეროებად დანაწილების მოლაპარაკებებში ჩაითრიოს.
მანამდე, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუშაუსკასმა განაცხადა, რომ ნატომ უნდა უარყოს რუსეთის პრეზიდენტის პუტინის მოთხოვნები "უსაფრთხოების გარანტიების შესახებ".
დღეს ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატებისა და რუსეთის ოფიციალური პირები, რუსეთის მიერ წამოყენებეულ უსაფრთხოების გარანტიებისა და უკრაინის თაობაზე, მოლაპარაკებებს 10 იანვარს ჟენევაში გამართავენ.
17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოქვეყნა მის მიერ შედგენილი შეთანხმების პროექტები, სადაც ნატო-სა და აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიებია მოთხოვნილი.
დოკუმენტი გამორიცხავს ნატო-ს შემდგომ გაფართოებას და მის შემადგენლობაში უკრაინის მიღებას.
დოკუმენტში მოსკოვი ვაშინგტონისგან მოითხოვს, არ განათავსოს შეიარაღება და სამხედროები იქ, სადაც სხვა ქვეყნის მიერ ეს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ იქნება აღქმული, ასევე თავი შეიკავოს თავისი ცის მიღმა მძიმე ბომბდამშენების გაშვებისა და საბრძოლო ხომალდების გაგზავნისგან იმ წყლებში, საიდანაც შესაძლებელი იქნება სხვა ქვეყნის ტერიტორიისთვის დარტყმების მიყენება.
ამის გარდა, რუსეთი ალიანსს სთავაზობს არ განათავსოს ბირთვული იარაღი აშშ-ის ფარგლებს გარეთ, აიღოს უკვე განთავსებული შეიარაღება და გაანადგუროს შესაბამისი ინფრასქტრუქტურა.