მე ფიზიკურადაც ვერ ვიღებ ამაში მონაწილეობას და მადლობა, რომ ეს პერიოდი აარჩიეთ, მადლობა ამ დამოკიდებულებისათვის. ყველა ამ კანონპროექტის ავტორ მამაკაცს უდიდესი მადლობა ამ ყველაფრისთვის- ამ განცხადებით სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ იმ კანონპროექტის ავტორებს მიმართა, რომლებმაც დეკრეტული შვებულების დროს მისი უწყების გაუქმება გადაწყვიტეს.
"ჩვენ რეალურ რეფორმას ამ კანონებით არ ვატარებთ. გახსენდებათ ბატონო მიშა, რეფორმა რომელიც ეხებოდა იუსტიციის სამინსიტროს და იუსტიციის სამინისტრომ გაიგო ყველაზე ბოლოს? - მე არ მახსენდება. ამიტომ მე მაინტერესებს რატომ არ იყო ამ ყველაფერში ჩართული ინსპექტორის სამსახური, ამხელა რეფორმაში და რატომ ვიგებთ წინასაახალწლოდ ამ ყველაფერს. მაშინ, როდესაც უნდა ვისხდეთ საახალწლო სუფრების მზადებაში, რატომ ვსხედვართ აქ და განვიხილავთ 288-გვერდიან კანონპროექტს, რომელიც არის სრული ნონსენსი სამართლებრივი. რომ აღარაფერი ვთქვა სამართლებრივ ფაქტორებზე",- აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.
თოლორაიამ ისაუბრა, რომ ინსპექტორის სამსახური დეკემბრიდან ცდილობდა, საკუთარი საკანონმდებლო წინადადება წარედგინა და პასუხი იყო ის, რომ გრაფიკი დატვირთულია და ვერ მიიღებდნენ.
თოლორაიას თქმით, ეს ხდებოდა იმის პარალელურად, რომ მზადდებოდა ახალი პროექტი უწყების ლიკვიდაციაზე.
"რითი დავიმსახურე ან პირადად მე, ან სამსახურმა, რომ ამხელა ფარსში მონაწილეობა მიგვაღებინეთ და მე წინადადებას ვწერ გაძლიერებაზე და თქვენ თურმე საპასუხოდ გაუქმებაზე. მინიმუმ იმის გამბედაობა უნდა ჰქონდა ვინმეს, რომ ლონდა, აზრი არ აქვს, თავს ნუ აკლავ და სამშობიაროდან არ უნდა მეწერა კანონპროექტი მინიმუმ",- აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.
ცნობისთვის, დღეს 27 დეკემბერს ბიურომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებების დაჩქარებულად განხილვას მხარი დაუჭირა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივაზე ინფორმაცია შაბათს, 25 დეკემბერს გავრცელდა. ირკვევა, რომ "ოცნება" აპირებს, ამ უწყების ნაცვლად შექმნას ორი სამსახური - სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.