პარლამენტის საპროცედურო საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების კანონპროექტზე მსჯელობენ.
სხდომას ესწრებოდა სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია, რომელმაც ის ცოტა ხნის წინ, პროტესტის ნიშნად დატოვა.
ლონდა თოლორაიამ სხდომის დატოვებამდე კანონპროექტის ინიციატორებს რამდენიმე კითხვით მიმართა:
"პირველი კითხვა - მაინტერესებს კონკრეტული მაგალითები როდის დაინახეთ პრობლემა პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და გამოძიების ფუნქციას შორის კვეთაში. სად დაინახა პარლამენტმა პრობლემები კონკრეტული მაგალითები მჭირდება და თუ პარლამენტს ეს პრობლემები ჰქონდა, რატომ ვიგებ მე ამ კანონპროექტით? მე არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც თქვენს დაძახებულზე არ მოვსულიყავი პარლამენტში და არ მახსენდება შემთხვევა ანგარიშვალდებულების პრობლემა დამერღვიოს.
მეორე კითხვა- ჩამომითვალეთ კონკრეტული მუხლები, რომლებიც ქმნის უკეთეს გარანტიებს, რომელიც ქმნის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობის. იმიტომ რომ ეს კანონპროექტი არის არსებული COPY-PASTE. და რაც არ არის COPY-PASTE ამაზეც დავსვამ კითხვებს. რითი აძლიერებთ გარანტიებს, რომ 2 წლის თავზე კვლავ არ მოისროლოთ სანაგვეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მისი თანამშრომლები.
მესამე კითხვა- თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ვაუმჯობესებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვას, რატომ არ არის ასახული ინსპექტორის სამსახურის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში გათვალისწინებული პროგრესული სიახლეები და რატომ არის არსებულის COPY-PASTE? იმიტომ, რომ ის კანონი 2 წელია თაროზე დევს. ველოდებოდი მე განხილვას და დღემდე არ არის განხილული.
მეოთხე კითხვა- თუ ვაძლიერებთ საგამოძიებო სამსახურს, რატომ არ არის გათვალისწინებული ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები, რატომ არ არის გათვალისწინებული არასამთავრობო სექტორის მიერ გაცემული ბევრად საინტერესო რეკომენდაციები, რატომ არ არის არცერთი გამოწვევა ამ კანონპროექტში ასახული?
მეხუთე კითხვა -მუხლები, რომლებიც ემატება, მაინტერესებს სტატისტიკას თუ ფლობთ რამდენ შემთხვევაში იყო ეს მუხლები ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გენპროკურორის ანგარიშსაც ჩახედეთ რამდენ დანაშაულს ნახავთ სამოხელეო დანაშაულის კონტექსტში?
მეექვსე კითხვა - თუ ეს მუხლი ქმედითია, რატომ ვერ გაუბედეთ გენპროკურატურას, რომ პროკურორებიც მოგეცვათ, მაშინ, როდესაც გაუბედეთ ინსპექტორის სამსახურს, რომ 288 გვერდი დაწერეთ ისე, რომ 1 კითხვა დაგესვათ. იქნებ ტაშს ვუკრავდით ამ პროექტს. რატომ ჩაითვალა ინსპექტორის სამსახური ასე უმნიშვნელოდ.
მეშვიდე კითხვა - რომელ ევროპულ ქვეყანაში უქმდება არჩევითი თანამდებობა პარლამენტის მიერ და ამასთანავე დამისახელეთ საქართველოში მაგალითი, როდესაც უწყებების გაყოფის დროს რატომ ხდება სამსახურის ლიკვიდაცია და არა რეორგანიზაცია და რატომ არ ნაწილდებიან თანამშრომლები ორ სამსახურში?"