ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტს ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ ძალიან სწორი ხედვა აქვს და გამოსავალიც სწორად აქვს წარმოდგენილი. მელიას თქმით, მიუხედავად სწორი პოზიციისა, ყველაფერი მაინც "დამოკიდებულია რეჟიმზე".
"ამის თაობაზე საჯაროდაც ისაუბრა, ჩემდა გასაკვირადაც, როცა იგი აღიარებს, რომ ქვეყანაში არის სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური კრიზისი. ვფიქრობ, გამოსავალიც მას სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული თავად რეჟიმზე. ზურაბიშვილს აქვს ისტორიული შანსი. ჩემი შეფასებით, მას შეუძლია, გადამწყვეტი როლი ითამაშოს ამ პროცესში", - განაცხადა ნიკა მელიამ.
მელიას თქმით, სამოქალაქო თანხმების მიღწევისთვის უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება, ასევე "არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს".
"სამოქალაქო თანხმობა ჩემთვის ამ ეტაპზე, ისტორიის მოცემულ დროში გულისხმობს ორი კომპონენტის მოწესრიგებას და ერთხელ და სამუდამოდ ამ მიმართულებით მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება, პოლიტიკური დევნის დასრულება, არა მხოლოდ წარსულზე უნდა შევთანხმდეთ, უნდა შევთანხმდეთ მომავალზე და არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს. სხვა შემთხვევაში სამოქალაქო თანხმობაზე საუბარი გაჭირდება", - აღნიშნავს მელია.
შეგახსენებთ, ნიკა მელიასთან შეხვედრამდე, საქართველოს პრეზიდენტი "ქართული ოცნების" ლიდერებს, ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მეორე კვირაა, მართავს.