18-20 ნოემბერს საქართველოში ტარდება საერთაშორისო სემინარი თემაზე ,,მასწავლებელთა მუდმივი პროფესიული განვითარება და კავშირი კარიერულ ზრდასთან''. საერთაშორისო სემინარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო.
"განათლების სისტემის წარმატება მთლიანად მასწავლებლის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მსაწავლებელთა პროფესიული განვითარების პროცესში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება'', - განაცხადა მინისტრმა.
სემინარის მონაწილეებს საშუალება აქვთ გაეცნონ: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ევროპულ მოდელებს; მასწავლებლის, მენტორისა და მაძიებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის პროცესს; ქართველ და უცხოელ კოლეგებს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით; მონაწილეობა მიიღონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დანერგვის სტრატეგიის შემუშავებაში.
სემინარი საერთაშორისო პროგრამის ,,პესტალოცის'' ფარგლებში ტარდება. პროგრამა ,,პესტალოცი" განათლების პროფესიონალთა ტრენინგების პროგრამას წარმოადგენს, რომელსაც ევროსაბჭო ევროპის კულტურის კონვენციის ფარგლებში ახორციელებს.
პროგრამის მიხედვით მასწავლებლებსა და განათლების სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ პროგრამა ,,პესტალოცის" ფარგლებში ორგანიზებულ სემინარებში. სემინარები მონაწილეებს საგანმანათლებლო ინიციატივებში ევროსაბჭოს სამუშაო და ინტერკულტურული გამოცდილების, კოლეგებთან ინფორმაციის, მასალებისა და ინოვაციური პრაქტიკის გაზიარებას სთავაზობს.
სემინარების თემატიკა ევროსაბჭოს პრიორიტეტული პროექტების მიხედვით განისაზღვრება. ეს პრიორიტეტებია: განათლების როლი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში და ადამიანთა უფლებები; ინტერკულტურული დიალოგი და კონფლიქტების გადაწყვეტა; გენდერული თანასწორობა სკოლის გარემოში და ა.შ.
საქართველო პროგრამა "პესტალოცში" 2009 წლიდან ჩაერთო. 2009-2010 წლის განმავლობაში "პესტალოცის" პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ სხვადასხვა სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 27-მა ქართველმა პედაგოგმა, პედაგოგთა ტრენერმა და განათლების ექსპერტმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.
მასალის გამოყენების პირობები