სამხრეთ-აფრიკელი არქიეპისკოპოსი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი დესმონდ ტუტუ, რომელიც დაუღალავად იღვწოდა სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის დასრულებისთვის, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დესმონდ ტუტუ იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პატივსაცემი ფიგურა, როგორც სამხრეთ აფრიკაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
დესმონდ ტუტუ, ნელსონ მანდელასთან ერთად, იყო აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო. მან შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა რასობრივი სეგრეგაციისა და დისკრიმინაციის პოლიტიკას, რომელსაც თეთრი უმცირესობის მთავრობა ახორციელებდა შავკანიანი უმრავლესობის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკაში, 1948 წლიდან 1991 წლამდე.
დესმონდ ტუტუ იყო მშვიდობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პროპონენტი, ის მკაცრად გმობდა ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას, როგორც აპარტედის რეჟიმის მესვეურთა, ასევე მათი მოწინააღმდეგეების მხრიდან.
1984 წელს დესმონდ ტუტუს გადაეცა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, აპარტეიდის გაუქმებაში შეტანილი წვლილისთვის.
ტუტუ 1960 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად, 1976-78 წლებში მსახურობდა ლესოტოს ეპისკოპოსად, იოჰანესბურგის ეპისკოპოსის თანაშემწედ და სოვეტოს მრევლის რექტორად. ის 1985 წელს გახდა იოჰანესბურგის ეპისკოპოსი და დაინიშნა კეიპტაუნის პირველ შავკანიან არქიეპისკოპოსად.
აპარტეიდის რეჟიმის დაცემისა და ხელისუფლების სათავეში ნელსონ მანდელას მოსვლის შემდეგ, დესმონდ ტუტუ სათავეში ჩაუდგა შერიგებისა და სიმართლის დამდგენ კომისიას, რომელიც მიზნად ისახავდა აპარტეიდის ეპოქაში თეთრკანიანთა და შავკანიანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას და ერის გამთლიანებას.