შიმშილობის მეოთხე, მეხუთე, მეექვსე დღეს ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები გამოჩნდება, - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ექიმი ანზორ მელია, რომელიც დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში მოშიმშილეების მოსანახულებლად მივიდა.
როგორც ანზორ მელიამ განაცხადა, ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობაზე რომ ყოფილიყო, დღეს აქ არათუ ერთი, არამედ რამდენიმე ბრიგადა იქნებოდა.
"შიმშილობის მეოთხე, მეხუთე, მეექვსე დღეს ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები გამოჩნდება. არ მაქვს უფლება სამსახურში მშვიდად ვიჯდე, არ მოვიდე და ამ ხალხის ჯანმრთელობით არ დავინტერესდე. პრობლემები უკვე არის, მაგრამ იმდენად არიან თავგადადებულები, არ მიჯერებენ. არ შეიძლება ასე. როგორ შეიძლება ადამიანს შაქრიანი დიაბეტი ჰქონდეს, ან ღვიძლის ფუნქცია იყოს ასეთი და შიმშილობდეს", - განაცხადა ანზორ მელიამ.
21 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ იწყებოდა მასობრივი შიმშილობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით.
პარტიის ლიდერების თქმით, ამ ეტაპზე 180-მდე ადამიანი შიმშილობს.