თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული „საახალწლო სოფლის“ გახსნის ცერემონია 24 დეკემბერს, დედაენის ბაღში გაიმართება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, „საახალწლო სოფელი“ ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში 14 იანვრის ჩათვლით განთავსდება.
„საახალწლო სოფელში“ განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები, (სინთეტიკური) ყინულის მოედანი, ღია კინოთეატრი, გიგანტური ზღაპრის წიგნი და მეზღაპრე, საახალწლო ბაზრობა, კვების ობიექტები, ტკბილეულობის ფესტივალი, საბავშვო ატრაქციონები, დეკორირებული ნაძვის ხე და თოვლის ბაბუის სახლი. დღის საათებში, საახალწლო სოფელში პატარებისთვის მოეწყობა გიგანტური სანტას კლაუსის მსვლელობა და საბავშვო-გასართობი შოუ-კონცერტები, საღამოს კი უფროსებისთვის, საესტრადო შემსრულებლების, მუსიკალური ბენდების და ელექტრონული მუსიკის წარმოდგენები გაიმართება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„საახალწლო სოფელი“ 14 იანვარს, დიდი მუსიკალური შოუ-პროგრამით დაიხურება.