19 ნოემბერს 12:00 საათზე საგურამოს ბავშვთა სახლში გაიმართება ბავშვზე ზრუნვის რეფორმის საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა ამ სფეროში მომუშავე უმსხვილესი დონორების მონაწილეობით, სადაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე წარმოადგენს პრეზენტაციას საქართველოში ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებების შესახებ.
დღეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 16 დიდი ზომის ბავშვთა სახლი ფუნქციონირებს. საერთო ჯამში სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ 800 ბავშვი იმყოფება. ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის მთავარი მიზანია ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების რეალიზაცია, რაც მიღწეული იქნება ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების, გაშვილების, მინდობით აღზრდის სერვისების შემდგომი ხელშეწყობისა და მცირე საოჯახო ტიპის სახლების ჩამოყალიბების გზით.
რეფორმის მსვლელობაში ზემოხსენებული ბავშვთა სახლებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული რამდენიმე სკოლა-პანსიონატის რესტუქტურიზაციის შედეგად აქ მყოფი კონტინგენტის ის ნაწილი, რომელიც დარჩება ბიოლოგიური ოჯახში დაბრუნების, გაშვილების ან მინდობით აღზრდის პროცესის მიღმა ბინას დაიდებს 72 ახლად გახსნილ მცირე საოჯახო ტიპის სახლში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში აღზდა საამისოდ მომზადებული დედობილ-მამობილების მეშვეობით.
2011 წელს, 30-40 ახალი მცირე საოჯახო ტიპის სახლის აშენების, შესყიდვის, გარემონტების, აღჭურვისა და დედობილ-მამობილების მომზადების ხარჯებს დონორი ორგანიზაციები( USAID, UNICEF, UNDP) გაიღებენ. დანარჩენი სახლების გახსნასა და ფუნქციონირებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.