დადგა დრო ევროკავშირის ქვეყნებმა გამოიჩინონ სიმტკიცე და ერთიანობა რუსეთის მცდელობების მიმართ, უკრაინაში გამოიწვიოს დესტაბილიზაცია, - ამის შესახებ ნათქვამია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის ბლოგში, რომელიც 19 დეკემბერს გამოქვეყნდა.
"ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ სიტყვები და განცხადებები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ, რომელმაც უკრაინის საზღვართან ჯარები შეკრიბა, თავისი ზრახვები შეცვალოს", - ამბობს ბორელი და დასძენს, რომ საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს რუსეთის წინააღდეგ [ყირიმის ანექსიის გამო] არსებული ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივება და "მოსკოვი გააფრთხილეს უკრაინის წინააღმდეგ რაიმე ქმედების შემთხვევაში სერიოზული შედეგების შესახებ".
უკრაინის საზღვრებთან კრიზისი ენერგორესურსების უკიდურესად მაღალი ფასების ფონზე ვითარდება, აღნიშნავს ბორელი და დასძენს, რომ მხოლოდ დეკემბერში გაზის ფასი 40%-ით, ხოლო ზაფხულთან შედარებით 300%-ით გაიზარდა.
ბორელის თქმით, მოსკოვი ენერგორესურსებს პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტად იყენებს, როგორც ეს მოლდოვაში მოხდა.
"მიუხედავად იმისა, რომ თითქოს რუსეთი ასრულებს თავის ვალდებულებებს გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, ბევრი მისი უარს, ევროპაში ექსპორტის გაზრდაზე ან გაზპრომის საკუთრებაში არსებული საწყობების მარაგების შევსებაზე, ევროკავშირზე ზეწოლის ინსტრუმენტად განიხილავს", - ამბობს ბორელი.
ბორელი დასძენს, რომ ევროკომისია "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ს პრიორიტეტულ პროექტად არ მიიჩნევს.
მისი თქმით, მილსადენი აგრძელებს "განხილვის საგნად ყოფნას" და მას ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს ევროპული რეგულაციების მოთხოვნების შესრულება.
უკრაინის საზღვრებთან მზარდი დაძაბულობის შესახებ საუბრისას დიპლომატმა აღნიშნა, რომ მოსკოვის საბოლოო განზრახვები კიევთან დაკავშირებით არ არის ნათელი, "გარდა იმისა, რომ ის ემუქრება უკრაინას და ცდილობს მის დასუსტებას".
"სხვადასხვა სცენარი შესაძლებელია... ჩვენ უნდა გვქონდეს უკეთესობის იმედი და მოვემზადოთ უარესისთვის", - აღნიშნა ბორელმა.
ბორელმა რუსეთის მიერ წამოყენებულ უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრისას, რომელსაც ის ნატოსა და შეერთებული შტატებისგან ითხოვს, განაცხადა, რომ ევროკავშირი ასეთი დისკუსიების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს.
"ევროკავშირი, რასაკვირველია, უნდა იყოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ ნებისმიერი განხილვის მაგიდასთან. „ჰელსინკის დასკვნითმა აქტმა და პარიზის ქარტიამ შემოგვთავაზა ძირითადი პრინციპები, რომელთა ირგვლივ ავაშენეთ ევროპული უსაფრთხოება ბოლო 50 წლის განმავლობაში. ეუთო, კერძოდ, გვთავაზობს მექანიზმებსა და წესებს, რომლებიც რჩება რუსეთთან ნებისმიერი ჩართულობის ქვაკუთხედად", - წერს ბორელი.
ბორელის თქმით, რუსეთთან დაძაბულობა, ისევე როგორც "ლუკაშენკას რეჟიმის სასტიკი, რეპრესიული და უკანონო ბუნება", ნათლად აჩვენებს, რა საფრთხეების წინაშე დგას ევროპა.
ამ ფონზე, ბორელი მიიჩნევს, რომ ევროკავშირს "სასწრაფოდ სჭირდება უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერება".
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, იანვარში ის აპირებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს წარუდგინოს ევროპის უსაფრთხოების სტრატეგიული კომპასის კონცეფციის განახლებული ვერსია.
ამ დოკუმენტის წინასიტყვაობის პირველ სტრიქონში ნათქვამია: "ევროპა საფრთხის წინაშეა". სტრატეგიული კომპასი მოიცავს რეკომენდაციებს ევროპის ქვეყნებისთვის კრიზისების მართვისა და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების შესახებ.