დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო პრეპარატი - „მოლნუპირავირი“ პირველ პაციენტს უკვე დაენიშნა. პრეპარატის გამოყენებაზე ნებართვა კონკრეტული ჯგუფის მოქალაქეებისთვის დიდმა ბრიტანეთმა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გასცა.
პირველი პაციენტი, რომელსაც აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა სახლის პირობებში დაენიშნა, 65 წლის ბრიტანელი ქალი - სანია ბრაიანია. სანიას კოვიდინფიცირება წინა კვირას გამოუვლინდა, მეორე დღეს მას მკურნალობის მიზნით „მოლნუპირავირი“ დაენიშნა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების თქმით, პრეპარატის უპირატესობა ის არის, რომ ტაბლეტის ფორმა აქვს და ინტრავენურ შეყვანას არ საჭიროებს. პირველ ეტაპზე, პრეპარატი 10 ათას პაციენტს დაენიშნება, მათ, ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც კოვიდინფიცირების ფონზე მეტად საყურადღებოა, დადებითი დინამიკის შემთხვევაში კი „მოლნუპირავირის“ გამოყენება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.
პრეპარატი სახლის პირობებში მკურნალობისთვის არის განკუთვნილი და მისი მიღება, ექიმის დანიშნულებით, ინფიცირების შედარებით მსუბუქად მიმდინარეობის დროს იქნება შესაძლებელი.
https://www.bbc.com/news/health-59681571