ჩეხეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ, პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა დაამტკიცა ახალი კოალიციური მთავრობის კაბინეტი.
ხუთი პარტიისგან შექმნილ კოლიაციას, რომელშიც გაერთაინებულნი არიან, როგორც ლიბერალური, ასევე კონსერვატიული პარტიები, 57 წლის პოლიტოლოგიის პროფესორი პეტრ ფიალა ხელმძღვანელობს. ამ უკანასკნელმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე პოპულისტი და მილიარდერი ანდრეი ბაბიში ჩაანაცვლა.
ახალი მთავრობის დამტკიცების გაჭიანურება, ჯერ მილოშ ზემანის ავადმყოფობამ, ხოლო მოგვიანებით, საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურაზე პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის უთანხმობამ გამოიწვია.
პრეზიდენტი ზემანი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა „მეკობრეთა პარტიის“ წარმომადგენლის, იან ლიპავსკის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნას. ლიპავსკი ცნობილია თავისი კრიტიკული განწყობებით რუსეთისა და ჩინეთის, ასევე ვიშეგრადის ჯგუფის მიმართ.
ვიშეგრადის ჯგუფში, ჩეხეთის გარდა, შედის უნგრეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი.
საბოლოოდ, პეტრ ფიალამ მოახერხა პრეზიდენტ ზემანის დათანხმება და იან ლიპავსკი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა.
ჩეხეთის ახალი მთავრობის 18 წევრიდან 3 ქალია. 2010 წლის შემდეგ პირველად, კვლავ გაჩნდა ევროპის საკითხებში მინისტრის თანამდებობა, რომელიც ბრნოს უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა, მიკულაშ ბეკმა დაიკავა.
2022 წლის მეორე ნახევარში, როტაციის პრინციპით, ჩეხეთს ევროკავშირის თავმჯდომარეობა უწევს.