იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მასშტაბით მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს. 18 ნოემბერს, სამინისტროს წარმომადგენლები კახეთს ეწვივნენ. შეხვედრა მოსახლეობასთან უჩვეულო ფორმატში, თელავის ცენტრში, ერეკლეს მოედანზე გაიმართა.
აქციაში იუსტიციის სამინისტროში შემავალმა ყველა სამსახურმა - საჯარო რეესტრის ეროვნულმა საგენტომ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ნოტარიუსთა პალატამ, ეროვნულმა არქივმა, იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მიიღო მონაწილეობა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ მოსახლეობას აქციის მიზანი გააცნო და სერვისების პრეზენტაციასთან ერთად, სამინისტროს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
აქციის ფარგლებში კახეთის მოსახლეობას საშუალება მიეცა პირადად შეხვედროდა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს, მიეღო საჭირო სერვისებზე ამომწურავი ინფორმაცია, ასევე მიეღო იურიდიული კონსულტაცია. სამინისტროს წარმომადგენლებმა კი თავის მხრივ მოისმინეს მოსახლეობის პრობლემები და შესაძლებლობის ფარგლებში ადგილზე გაუწიეს მათ დახმარება.
"იუსტიციის სამინისტრო მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრებს იწყებს, ჩვენი მიზანია ხალხს კარგად ავუხსნათ თუ რა სერვისებით შეუძლიათ ისარგებლონ მათ, ასევე ჩვენმა იურისტებმა საჭირო იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს მოქალაქეებს და მოისმინეს მათი პრობლემები, რათა ოფისებში დაბრუნებისთანავე ამ პრობლემების მოგვარებაზე დაიწყონ ზრუნვა," _ განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები მოსახლეობას იუსტიციის სახლის კონცეფციაზეც ესაუბრნენ, რაც ნიშნავს მომავლისთვის ყველა სერვისის ერთ სივრცეში გაერთიანებას. მოსახლეობამ ასევე შეიტყო იმის შესახებ, თუ რა გამარტივებული სერვისებით სარგებლობას შეძლებენ ისინი მომავალში.
"სერვისის გამარტივებით ჩვენ ვაუმჯობესებთ მოქალაქეთა მომსახურებას. მაგალითად, კახელ გლეხს, რომელიც მთელ დღეს ფიზიკურ შრომაში ატარებს, გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება კონკრეტული დოკუმენტის მისაღებად, იგი მომსახურებას უკვე ერთიფანჯრის პრინციპით იღებს, ან სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტის საშუალებით," - განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფროსმა სოსო წიქარიშვილმა.
აქციის ფარგლებში მოსახლეობას დაურიგდა სამოქალაქო და საჯარო რეესტრების, ნოტარიატის, ეროვნული არქივის, სასწავლო ცენტრის სერვისების შესახებ დამზადებული სპეციალური ფლაერები, ჟურნალები,და სხვა საინფორმაციო ბარათები.
მოსახლეობასთან შეხვედრა გურჯაანის რაიონშიც გაიმართა. იუსტიციის სამინისტრო მოსახლეობასთან შეხვედრებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც გააგრძელებს, რათა მოქალაქეებმა უკეთ გაიგონ არსებული სერვისების შესახებ, სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა კი უშუალოდ მოისმინონ მათი პრობლემები და ამ პრობლემების მოგვარებაზე იზრუნონ.