15 დეკემბერს, ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტი გაიმართება.
სამიტში მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების - საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები, გარდა ბელარუსისა, რომლის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ, პროგრამაში მონაწილეობა შეაჩერა. სამიტში მონაწილეობას ასევენ მიიღებენ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები.
სამიტზე ევროკავშირს წარმოადგენენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
სამიტში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, გუშინ გაემგზავრა.
ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელ ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, სამიტი იქნება კარგი შესაძლებლობა, ლიდერებმა განიხილონ ყველა ის გამოწვევა, შესაძლებლობა თუ აქტუალური საკითხი, რომელიც არსებობს როგორც ევროპაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
"მთელი დღის განმავლობაში იქნება დისკუსიები. ჩვენ ვისაუბრებთ, როგორც უსაფრთხოების თემებზე, ასევე იმ საკითხებზე, რომლებიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნის და ევროკავშირის თანამშრომლობის მიმართულებით. პოლიტიკური დეკლარაცია მზადდება, დისკუსია ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა ჩვენ გვაქვს მოლოდინები, როგორც დოკუმენტის პოლიტიკურ ნაწილში, ისე მის ეკონომიკურ განზომილებაში. იმედი გვაქვს, დოკუმენტი ისაუბრებს ჩვენი ქვეყნის და შესაბამისი ქვეყნების ევროპულ არჩევანსა და მისწრაფებებზე. ასევე, რა თქმა უნდა, ყურადღება გამახვილდება უსაფრთხოების თემებზე და ამ კონტექსტში ხაზგასმული იქნება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაცია და ამ კუთხით, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება, დაფიქსირდეს სწრაფვა იმ დიდი მიზნისკენ, რაც ევროპულ შიდა ბაზარზე ინტეგრაციას გულისხმობს. ამავდროულად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება მთელი რიგი ხელშესახები შედეგების მიღება სამომავლოდ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს. ამ კონტექსტში მაგალითისთვის შეიძლება ვახსენოთ როუმინგის ტარიფების დაწევა", - აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც განსაზღვრავს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ პერსპექტივებს.
„ჩვენთვის ეს ფორმატი უაღრესად მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ დავუახლოვდეთ ევროკავშირს და ბოლო 12 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც შეიქმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი, საქართველოს აქვს ძალიან სერიოზული პროგრესი ამ მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სამიტიც იქნება ასევე მაქსიმალურად გამოყენებული ჩვენი მხრიდან, იმისთვის, რომ ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, იყოს შესაბამისად ასახული მიღებულ დეკლარაციაში და ასევე ჩვენ გვაქვს მოლოდინები აღმოსავლეთ პარტნიორობის აღნიშნულ სამიტთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით უნდა განისაზღვროს სამომავლო პერსპექტივები და ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით.
მოგეხსენებათ, რომ ამ სამიტს წინ უძღვოდა მოსამზადებელი შეხვედრები. მე გახლდით აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე, რომელსაც შემდგომ მოჰყვა, პირველად, პრემიერ-მინისტრების ფორმატში, ასოცირებული ტრიოს ვიზიტი ბრიუსელში. სწორედ ეს ორი ღონისძიება იყო მაქსიმალურად გამოყენებული ჩვენი მოლოდინების მაქსიმალურად ასახვის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, რომ ის დეკლარაცია, რომელსაც ჩვენ მივიღებთ 15 დეკემბერს, იქნება ზუსტად ჩვენი მოლოდინების შესაბამისი, კერძოდ, ასახული იქნება ჩვენი ევროპული მისწრაფება და ევროპული არჩევანი, ასევე, კიდევ ერთხელ დადასტურდება ევროკავშირის მეტი ჩართულობა კონფლიქტის მოგვარების კუთხით და დადასტურდება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ასახული იყოს ჩვენი სურვილი დავუახლოვდეთ ერთიან ევროპულ ბაზარს, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული დაკავშირებადობა, რომელიც არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირში და ამ თვალსაზრისითაც ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პროგრესი. საქართველო იქნება მაქსიმალურად ჩართული ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში.
მოლოდინები მართლაც არის პოზიტიური და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ვიზიტის შედეგად, გვექნება მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რომელიც განსაზღვრავს უკვე შემდგომ ნაბიჯებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით.
ძალიან მნიშვნელოვანია ასევე დრო და პერიოდი, რა პერიოდშიც იმართება ეს სამიტი. მოგეხსენებათ, რომ გეოპოლიტიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. აუცილებელია, რომ ჩვენ ვიყოთ მუდმივად კავშირში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და რა თქმა უნდა, სამიტის დროს, გაიმართება ორმხრივი შეხვედრები, რომელსაც ასევე მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივი ფორმატის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის“ , - განაცხადა დავით ზალკალიანმა.