ფოტო: RFE/RL
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ელჩი დეგნანის თქმით, შეერთებული შტატები მოხარული იქნება, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ წამოწყებას, რომელიც მიმართული იქნება პოლარიზაციის შემცირებისა და ორად გახლეჩილი საზოგადოების გამთლიანებისკენ.
ვფიქრობ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, დემოკრატიის სამიტზე თავის შესანიშნავ გამოსვლაში, კარგად აღწერა საქართველოში არსებული ვითარება. მან ყურადღება გაამახვილა, როგორც გამოწვევებზე, ასევე ამ გამოწვევების დაძლევის შესაძლებლობებზე. ის ინკლუზიური მართვის, პოლარიზაციის განმუხტვისა და დიალოგის მოწოდებით გამოვიდა, რაც იქნებოდა საქართველოში პროცესების გაჯანსაღების ბიძგის მიმცემი.
შეერთებული შტატები მოხარული იქნება, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ წამოწყებას, რომელიც მიმართული იქნება პოლარიზაციის შემცირებისა და ორად გახლეჩილი საზოგადოების გამთლიანებისკენ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. პრეზიდენტმა, როგორც ქვეყნის გამაერთიანებელმა თავისი როლის ფარგლებში, რაც კონსტიტუციით აქვს, წინ წამოწია ეს ინიციატივა, რომელსაც დიდი სიამოვნებით დავუჭერთ მხარს", - განაცხადა კელი დეგნანმა.
შეგახსენებთ, 10 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის სამიტზე განაცხადა, რომ პირობას დებს, ხელს შეუწყობს ინკლუზიური პროცესის წამოწყებას, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ