„საქართველოს პროგრესი და წინსვლა შეფასებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ვფასდებით, როგორც მოწინავე და ლიდერი რეგიონში და ამ დროს, უბრალოდ არ შეიძლება საკუთარ ქვეყანას ეძახდე მაჩანჩალას“,-ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ოპოოზიციის განცხადებებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ქართული დიპლომატიური სამსახური დაუღალავად შრომობს იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად იყოს ასახული და დაცული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგებში, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრიც იღებს მონაწილეობას.
"ხვალ არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ბრიუსელში, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას. ქართული დიპლომატიური სამსახური დღეს და ღამეს ასწორებს იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად იყოს ასახული და დაცული სამიტის შედეგებში და ამ დროს ვფიქრობ, სირცხვილია, რომ ჩვენს საკუთარ ქვეყანას ვეძახდეთ მაჩანჩალას, იმიტომ, რომ არ არის საქართველო მაჩანჩალა.
მაქვს კითხვა, რა ნაწილში გახდა საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში მაჩანჩალა და აქვე ვიტყვი, რომ უკრაინის და მოლდოვის წარმატება ჩვენს ინტერესებშია და მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები თ ამ ქვეყნებში იქნება პროგრესი, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთად მეტის მიღწევა შეგვიძლია იმ გზაზე, რა გზაზეც ვდგავართ. მინდა რომ გაგაწბილოთ. ჩვენ არ ვართ მაჩანჩალები, და თუ ეს თქვენი ოცნებაა, რომ საქართველო იყოს ასეთი და ზემოდან კიდევ სანქციებიც დაგვიწესონ, სამწუხაროდ, ამ ოცნების ასრულებაში ჩვენ ვერ დაგეხმარებით ნამდვილად", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.