ბულგარეთის პარლამენტმა დაამტკიცა ახალი მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობს ახალბედა პოლიტიკოსი და ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული კირილ პეტკოვი.
პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დამტკიცებამ, ქვეყანაში დაასრულა ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი, რისთვისაც საპარლამენტო არჩევნების სამჯერ ჩატარება გახდა საჭირო.
"დღეს მნიშვნელოვანი დღეა ცვლილებების გასაგრძელებლად", - თქვა პეტკოვმა დეპუტატებთან სიტყვით გამოსვლისას და დასძინა: "ჩვენი უპირველესი ამოცანაა გავაცნობიეროთ, რომ თუ გვინდა უკეთესი მომავალი ბულგარეთში, ერთად უნდა ვიმუშაოთ."
პრემიერ-მინისტრის თქმით, კოალიციური მთავრობას ნულოვანი ტოლერანტობა ექნება კორუფციის მიმართ. პეტკოვის განცხადებით, მისი მთავრობის პრიორიტეტები იქნება სასამართლო სისტემის რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა, ელექტროენერგიის გაძვირების პრობლემის მოგვარება და კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისიდან გამოსვლა.
კირილ პეტკოვის პარტიამ "ვაგრძელებთ ცვლილებებს" (PP) ნოემბერში ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო.
გასულ კვირას, გამარჯვებულმა პარტიამ შეთანხმებას მიაღწია სხვა პარტიებთან სამთავრობო კოალიციის ფორმირებაზე.
სამთავრობო კოალიციაში პარტია "ვაგრძელებთ ცვლილებების" გარდა, შევიდნენ ბულგარეთის სოციალისტური პარტია, პოპულისტური პარტია "არსებობს ასეთი ხალხი", რომელსაც მუსიკოსი და ტელეწამყვანი სლავი ტრიფონოვი ხელმძღვანელობს და ლიბერალური ალიანსი "დემოკრატიული ბულგარეთი".