საქართველოს პრეზიდენტი ICOMOS საქართველოს პროექტის - 'კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანი რეაბილიტაცია' დახურვის ცერემონიას დაესწრო და ICOMOS საქართველოს მიერ ნორვეგიის მთავრობის გრანტით რესტავრირებული თბილისის ერთ-ერთი უძველესი სახლი დაათვალიერა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რესტავრაცია ძეგლთა დაცვის საერთაშორისო მეთოდოლოგიით შესრულდა, რაც საქართველოში კერძო სახლების მიმართულებით, დიდი იშვიათობაა.
,,ეს მეთოდოლოგია, რომელიც სპეციალურად თბილისის მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ნაგებობებისთვისაა შემუშავებული სამომავლო დანერგვას საჭიროებს.
პრეზიდენტის მოსაზრებით ეს ხელოსნური, მეთოდოლოგიური გამოცდილება ქალაქის სხვა ნაგებობების შემთხვევაშიც ფართოდ უნდა გამოიყენებოდეს.
პროექტი, რომელიც თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ავთენტური მხარის, ღირებულების შენარჩუნებას ემსახურება, თბილისს შემოგვინახავს სწორედ იმ სახით, როგორც თავდაპირველად აშენდა“ , - აღნიშნა კონსტანტინე ნაცვლიშვილმა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: ნორვეგიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მარკო სოლდიჩი, ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის წარმომადგენელი ვეგარდ ბერგარდი და ICOMOS საქართველოს პრეზიდენტი ნატო ცინცაბაძე.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.