ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას საყოველთაო შერიგების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"კორონას კაცობრიობა და მათ შორის, ქართველები კი ადვილად დავამარცხებთ, მაგრამ რა ჭირიც შიგა გვაქვს, ეს ძალიან რთული დასამარცხებელი იქნება. ჩვენ ერთმანეთს დავამარცხებთ, თუ არ გავიაზრეთ, რა გველოდება წინ. ერთი რაღაც იმედს მაძლევს: რამდენიმე წელია შერიგებაზე ვლაპარაკობ, შენდობას ვითხოვ, ცოტა მძიმედ ვიტყვი: ეკლესიაში პატრიარქმა და ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რომ ერი გავერთიანდეთ, ასე დაყოფილი აღარ ვიყოთ. ცოტანი ვართ და ყველა მხარეს ყველა ჩვენია. ჩვენ განა არ შეგვიძლია მართლის და მტყუანის გარჩევა, დღეს ის დროა, მხარეს ვეღარ იჭერ. დღეს შეიძლება ერთი მხარე ავირჩიოთ - ეს არის საქართველო და ყველა უნდა დავდგეთ საქართველოსთან, იმიტომ, რომ საქართველო ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი სამშობლო და ჩვენი სახელმწიფოა. სხვა სამშობლო ჩვენ ქართველებს და აქ მცხოვრებ ხალხს არ გაგვაჩნია, ეს არის და ვერავინ ვერ შეგვიცვლის.
ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთხელ, დღესასწაული იყო მაშინაც, ვთქვი შერიგებაზე. ვცდილობ, რომ მხარედ არ გამოვჩნდე, ვიცი, სად არის ჭეშმარიტება და სიმართლე, მაგრამ დგება ხოლმე დრო, "ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმას, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო". შეიძლება ასეთ სიტუაციაში ვიყოთ დღეს, მთავარია, ერთმანეთთან მისასვლელი გზები ვნახოთ ქართველებმა. მე გამიხარდა ცალკეული პარტიების, თუნდაც პრეზიდენტის გამოხმაურება - თუ არა ეკლესიაში, შანსი არ არის ჩვენი შერიგების, ეს ყველამ კარგად ვიცოდეთ, იმიტომ, რომ ეკლესიაში შერიგება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით, დღეს არ ვუფრთხილდებით”, - აცხადებს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი.