ომია, მესამე მსოფლიო ომია, მსხვერპლი გვექნება, მაგრამ უნდა ვეცადოთ ნაკლები მსხვერპლით გავიმარჯვოთ ამ ომში - განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსი იაკობმა ქადაგებისას.
მან საყოველთაო შერიგების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შერიგება ეკლესიაში უნდა მოხდეს, რადგან ეს მხოლოდ იქ არის შესაძლებელი.
„ვიღაცებს უნდა თავზე რაღაცა მოახვიოს, მასე არ გამოვა. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, მე ვიქნები, სხვა იქნება, საზოგადოების ნაწილი თუ ხელისუფლებები იქნებიან თუ რა იქნებიან, უნდა ვაღიაროთ ის შეცდომები თუ დანაშაულებები, რაც ჩვენ ერთმანეთის მიმართ მიგვიძღვის. დაწყებული ალბათ იმით, თავისუფლებას და დამოუკიდებლობას როგორ მოვეპყარით, დაიწყეს ძმათამკვლელი ომი და დავზარალდით ქვეყანა, შემდეგ აფზახეთში და ცხინვალის რეგიონში გადაგვივიდა ეს საკითხები და კარგად ვხედავთ, დღეს როგორ მდგომარეობაში ვართ.
იმედით ვარ აღსავსე იმიტომ, რომ ამ ბოლო პერიოდში, ყველა ლაპარაკობდა შერიგებაზე. ვფიქრობ, ვნახავთ გზას, რომ შევიკრიბოთ ეკლესიაში, ჩვენ გვაქვს მძიმე სათქმელი ძალიან ბევრისთვის, იმათაც თუ რამე აქვთ სათქმელი გვითხრან. სჯობია ეკლესიაში მოხდეს, ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით და, რაც მთავარია, უნდა მოხდეს შერიგება. ეკლესიამ ვიცით, ეს როგორ უნდა მოხდეს. იცით მე როგორი ვარ ხოლმე გამონათქვამებში, რამდენი ხანია, ჩუმად ვარ იმიტომ, რომ არ მინდა ისე გავაკეთო, რომელიმე მხარეს აღმოვჩნდე. შერიგებას მოახდენს ის ხალხი, რომელიც მხარე არ იქნება და საქართველოს მხარეს იქნება. თუ მხარეს დადექი ეპისკოპოსი დღეს ან მთავრობის მხარეს თუ დავდექი, ან ვიღაცების მხარეს თუ დავდექი, არ გამოვა მასე, იმიტომ, რომ მე ვხედავ, რომ ჩვენ ერს უნდა ერთად ყოფნა. ჩვენ თუ ერთად არ ვიქნებით, რა სისულელეა, დაამარცხე კორონა, შიგნით თუ ასე დავჭამეთ ერთმანეთი.
წელიწადზე მეტია ქვეყანას უკვე განვითარების საშუალება აღარ ეძლევა: ქუჩაში სირბილი კალიების შემოსევა ხომ არ არის, დავჭამოთ ერთმანეთი, ისინი მოსავალს ჭამენ, ჩვენ ერთმანეთს ვჭამთ. რაღაც ერთმანეთთან მისასვლელი გზები უნდა ვნახოთ. ბევრი დგას საქართველოს მხარეს, ბევრს ჰგონია საქართველოს მხარეს დგას პირდაპირ გეტყვით, არ დგანან. არ უნდა დავასუსტოთ ჩვენი ქვეყანა. ომია, მესამე მსოფლიო ომია, მსხვერპლი გვექნება, მაგრამ უნდა ვეცადოთ ნაკლები მსხვერპლით გავიმარჯვოთ ომში.
საქართველოში კაცი არ უნდა დაგვრჩეს ისეთი, რომ ნაწყენი იყოს, ვისაც ქართველი და საქართველო უყვარს, თორემ შეიძლება ვიღაცა იყოს შემოპარული და იმას ეწყინოს. რა მრწამსის, ეროვნების, როგორი აზროვნებაც არ უნდა გვქონდეს, ვინც საქართველოში ვცხოვრობთ, ჩვენი საქართველოა და გავერთიანდეთ“,- აცხადებს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი.