თუ კოვიდი გადაიტანეთ, არ იფიქროთ, რომ სამუდამო იმუნიტეტი გამოიმუშავეთ და აცრა აღარ გჭირდებათ, რადგან რეინფიცირების შემთხვევები გვხვდება და რისკის ქვეშ არიან როგორც ახალგაზრდები, ისე - ასაკოვნები. საფრთხე უფრო ხშირად იმ პირებს ემართებათ, ვისი ინფიცირებიდანაც გასულია 3-6 თვე და ვისაც ანტისხეულები არასრულფასოვნად გამოუმუშავდა ან იმუნიტეტი დაბალი აქვს.
მსოფლიოს სტატისტიკის მიხედვით, რეინფიცირების შემთხვევები 1- დან 3 პროცენტამდე მერყეობს, რაც ნამდვილად არ არის დიდი ციფრი.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ლევან გოფოძე ამბობს, რომ რეინფიცირების შემთხვევები ხშირი არ არის.
"რაც შეეხება რეინფიცირებას, ერთხელ მოხდილს მეორედ შეიძლება დაემართოს 6 თვეში, შეიძლება 8 თვეშიც და მაინც ჩაითვლება, რომ ეს რეინფიცირებაა. უნდა განისაზღვროს, ვირუსის რომელი სახეობა იყო ეს, „დელტა“ შტამი თუ სხვა სახეცვლილება, ანუ სხვა შტამი ხომ არ აღმოჩნდა რეინფიცირების მიზეზი.
აცრილ პაციენტებს, აუცრელებთან შედარებით, უფრო მსუბუქად გადააქვთ ვირუსული დაავადება. ამის თქმა კატეგორიულად შეგვიძლია მთელი მსოფლიოს მაგალითზე. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, აიცრან და ვისაც „ბუსტერი“ უწევს, გაიკეთოს, მით უმეტეს, როცა ახალი ვირუსის საშიშროების წინაშე დგას მთელი მსოფლიო.
ეს ვირუსი რუსეთში უკვე დაფიქსირდა, ჩვენს სამეზობლოში ტრიალებს და ჩვენთანაც მოხვდება, ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოვამზადოთ ჩვენი ორგანიზმი ახალი „ტალღისათვის“. ვეცადოთ, რაც შეიძლება სწრაფად აიცრას ბევრი ადამიანი.
მესამედ რეინფიცირების შემთხვევა ჩვენს კლინიკაში არ მქონია და არც მახსენდება. ეს „ომიკრონი“ რას გამოიწვევს, ჯერ არავინ იცის. ამიტომ მოვუწოდებ ყველას - აიცრან. დაავადება კოვიდვირუსი სულ 2 წლის არის და 2 წელიწადში დაგროვილი გამოცდილება არ არის ის გამოცდილება, რომ კატეგორიული იყოს. ის კი არადა, რომ უშვებენ მედიკამენტებს, ვადას რომ ადებენ, მერე ხვდებიან, ეს ვადები უფრო დიდხანს შეიძლება იყოს და ამ ვადებს უგრძელებენ დიდი მწარმოებლები, იმიტომ კი არა, რომ გადაყრა ენანებათ, იმიტომ, რომ უფრო დიდხანს ინარჩუნებს ეს მედიკამენტი ქმედუნარიანობას, ვიდრე თავიდან ჰქონდათ განსაზღვრული“.
ლევან გოფოძის თქმით, ამ ვირუსთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას სწავლობს კაცობრიობა.
იგი დასძენს: „როცა შტამი იცვლება, რეინფიცირების საფრთხე მატულობს და შეიძლება ჩვენი გამომუშავებული იმუნიტეტი საკმარისი არ აღმოჩნდეს ვირუსისგან დასაცავად. ამიტომაც ვაქცინაცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და კიდევ უფრო ამყარებს იმუნიტეტს. რაც ასევე მთავარია, დროზე უნდა მივმართოთ ექიმს, მით უმეტეს, თუ გვაქვს თანმხლები დაავადებები. დაგვიანებული შემთხვევები კატასტროფაა. დროულად არ მიმართავენ ექიმებს და თვითნებურად იწყებენ მკურნალობას, თუნდაც ანტიბიოტიკებით, ეს ძალიან საშიშია“.
საფრანგეთში მცხოვრები ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი საფრანგეთის გამოცდილებით ამბობს, რომ რეინფიცირების შემთხვევები იქაც ფიქსირდება. რაც შეეხება მესამეულ შემთხვევას, ძირითადად, ვლინდება იმუნოდეპრესიულ, შიდსიან ანდა ორგანოგადანერგილ პაციენტებში, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია. ექიმის თქმით, რეინფიცირების დროს პაციენტი სხვა შტამით ინფიცირდება.
„არსებულმა ვაქცინებმა აჩვენა, რომ ძალიან ეფექტიანია პირველ რამდენიმე თვეს, 6 თვის შემდეგ ეფექტიანობა კლებულობს და 50, 40 პროცენტამდე ჩამოდის, ამიტომ დღეს ყველა ქვეყანას მოუწოდებენ ე.წ. ბუსტერის გაკეთებას. აღსანიშნავია, რომ 5 თვის მერე მესამე დოზას რაიმე განსაკუთრებული გართულებები არ მოყოლია. ასე რომ, მესამე დოზა აუცილებელია, მით უმეტეს, დღეს, როცა ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ გამოჩნდება, ბევრი შიშია და ჯერ საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს. მთავარი ის არის, კვლევები ადასტურებს, რომ არსებული ვაქცინები მოქმედებს ამ შტამზეც, ამიტომ, ყველა შემთხვევაში, აცრა საჭიროა, ეფექტიანია და თავიდან აგვაცილებს გართულებებს“, -ამბობს პროფესორი რევაზ ბოჭრიშვილი.
იაშვილის ბავშვთა კლინიკის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე კი ამბობს, რომ ბავშვებშიც იყო რეინფიცირების ერთეული შემთხვევა.
„არის რეინფიცირების ერთეული შემთხვევები ბავშვებში, ყოველ შემთხვევაში, შესწავლის საფუძველი იყო. გამორიცხული არაფერია, მაგრამ ასეთ დროს გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი, არა მარტო -კლინიკური, მას უკან უნდა იდგეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დასკვნაც. შეიძლება რეინფიცირების მიზეზი სხვადასხვა ტიპის ვირუსი აღმოჩნდეს. თუ ბავშვი მოკლე ხანში ისევ დაინფიცირდა იგივე ვირუსითაც, ამ დასკვნის გამოტანაც დეტალურ შესწავლას მოითხოვს. მხოლოდ ის მოსაზრება, რომ რეინფიცირება იყო - საკმარისი არ არის. თუმცა ბავშვებში მაინც ძალიან იშვიათია რეინფიცირება.
ერთი რამ, რაც ჩვენთვის ცნობილია არის შემდეგი - როცა ვლაპარაკობთ, რა გავლენა მოახდინა „დელტა“ ვარიანტმა, ერთ -ერთი მისი უარყოფითი ზეგავლენა იყო ის, რომ უფრო შესაძლო გახადა რეინფიცირება. ვირუსის ჩინური ვარიანტის შემთხვევაში რეინფიცირება ძალიან იშვიათი იყო. „დელტა“ ვარიანტმა, სამწუხაროდ, ესეც შეცვალა“,- ამბობს იაშვილის ბავშვთა კლინიკის ხელმძღვანელი და შეახსენებს საზოგადოებას: „ბავშვებში 100 შემთხვევიდან 9 იმდენად მძიმეა, რომ 9 ბავშვს საავადმყოფოში მოთავსება სჭირდება. ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და დიდ რისკებზე მიუთითებს. სამწუხაროდ, ბავშვებში რეინფიცირება, არა მარტო ჰოსპიტალიზაციით, შესაძლოა, ლეტალური გამოსავლითაც დამთავრდეს.
„დელტა“ ვარიანტმა ასევე გაზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კორონავირუსს აქვს ერთი უნიკალური თვისება - მისი სიმპტომები შეიძლება ძალიან დიდხანს გახანგრძლივდეს, ამას ვეძახით ხანგრძლივ კოვიდს. ხანგრძლივი კოვიდის შემთხვევაში კორონავირუსი, თუნდაც მსუბუქი ფაზის გადატანიდან ანუ უსიმპტომო ფორმიდან, შესაძლებელია, 6 - 8 თვის განმავლობაშიც დარჩეს.
ბევრი სიმპტომი შეიძლება ჰქონდეს ბავშვს, რომელიც მისი ცხოვრების ხარისხს მკვეთრად აუარესებს. ძირითადად, ეს არის - მახსოვრობის პრობლემები, დეპრესია, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ტემპერატურა, ხველა, სახსრების ტკივილი, საერთო სისუსტე, მუცლის ტკივილი და ა.შ. 100-მდე სიმპტომია, რომელსაც კორონავირუსი ტოვებს და ეს სიმპტომები ძალიან ხანგრძლივად გრძელდება. სამწუხაროდ, მათი საწინააღმდეგო ეფექტიანი სამედიცინო საშუალება ჯერ არ არსებობს... ბუნებრივი გზით მიღებულ იმუნიტეტს თუ ვაქცინას დავუმატებთ, ეს განიხილება, როგორც პოტენციურად ყველაზე უფრო ხანგრძლივი დაცვის მქონე კომბინაცია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომელებიც კორონავირუსს გადაიტანენ და 1 თვის გასვლიდან ორჯერადად აიცრებიან, ალბათ მიიღებენ მაქსიმალურ დაცვას, რაც დღევანდელ პირობებში შესაძლებელია“, - განმარტავს ივანე ჩხაიძე.
გრიპის და რესპირატორული ვირუსების ლაბორატორიის უფროსი ანი მაჩაბლიშვილი ამბობს, რომ რეინფიცირება გახდა მათი ლაბორატორიული კვლევის საგანი.
„სეკვენირებისთვის საწყისს ეტაპზე, ამ ზაფხულის ჩათვლით, შენარჩევში ვახვედრებდით რეინფიცირების შემთხვევებს, რადგან გვაინტერესებდა, რამდენად დიდხანს ინარჩუნებს ადამიანი იმუნიტეტს და ავადდება თუ არა ის ახალი შტამით. ახლა უკვე ჩავხსენით ეს კვლევა, რადგან მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ რეინფიცირების შემთხვევები ხდება 6 თვის შემდეგ. კორონავირუსი შეიძლება ისევ დაემართოს ადამიანს.
ყველა შემთხვევა სხვადასხვა შტამით იყო გამოწვეული. პრაქტიკულად, ვინხ პირველად გადაიტანა უხანის შტამი, შემდეგ მათ რეინფიცირება ბრიტანული შტამით მოხდა. ჩინური შტამი ძალიან მალე ჩანაცვლდა ბრიტანულით. შემოდგომაზე გამოჩნდა ბრიტანული შტამი და პიკს მიაღწია იანვარში. თებერვალსა და მარტში ჩვენთან ცირკულირებდა ეს ბრიტანული შტამი. შემდეგ უკვე ნელ- ნელ შემოიჭრა „დელტა“ შტამი, ზაფხულსა და შემოდგომაზე უკვე „დელტა“ შტამი დომინირებდა. რეინფიცირების შემთხვევები გამოწვეული იყო ახალი შტამების შემოჭრით. როდის მოხდება რეინფიცირება, - მკაცრი კრიტერიუმი არ არსებობს. ძირითადად, 6 თვის მერე ხდება, თუმცა უფრო მალეც შეიძლება დაემართოს ადამიანს. ვიღაცას აქვს დაბალი იმუნიტეტი და შეიძლება ახალი შტამი 4 თვეშიც დაუდასტურდეს, მაგრამ, როგორც წესი, ითვლება, რომ ჩვენი გამომუშავებული ანტისხეულები, ის უჯრედული იმუნიტეტი, რომელიც გვაქვს, საშუალოდ, ყველა ვირუსის შემთხვევაში (არა მარტო კორონას დროს, გრიპზეც იგივეა), 6 თვის განმავლობაში გვიცავს.
ასე თუ ისე, დაცულები ვართ, რომ განმეორებით არ შეგვხვდეს ვირუსი. თუმცა მედიცინაში 100- პროცენტიანი არაფერია და შეიძლება ვიღაცას უფრო ადრე დაემართოს ეს ვირუსი და ვიღაცას - უფრო გვიან. უხანის შტამი ახლა პრაქტიკულად აღარ ფიქსირდება საქართველოში და ის აბსოლუტურად ჩაანაცვლა „დელტა“ შტამმა. მცირე რაოდენობით არის „დელტა პლუსი“. „დელტა პლუსს“, „დელტასგან“ განსხვავებით, რამდენიმე მუტაცია აქვს, მაგრამ კლინიკურად განსხვავებული სურათი არ არის. წამყვანი 95 პროცენტი „დელტა შტამია“.
მესამედ რეინფიცირების შემთხვევა ჯერჯერობით არ გვქონია, მე არ მახსენდება ასეთი შემთხვევა“, -ამბობს ანი მაჩაბლიშვილი.