ნამდვილად არ გვიკვირს, პატიმარ სააკაშვილის ფანტაზიები, - მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი, რომელიც 21 დეკემბერს დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.
მისი განმარტებით, ოპოზიციამ უნდა დაიწყოს მეცადინეობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
"ჩვენ ნამდვილად არ გვიკვირს, პატიმარ სააკაშვილის ფანტაზიები, რომელიც უკიდეგანოა და როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ მის დაბადების დღეზე აქცია ჩაატაროს, ეს მისი პირადი საქმეა, საქართველოს საზოგადოებას აბსოლუტურად სხვა დღის წესრიგი და გამოწვევები აქვს, ისევე როგორც საქართველოს სახელმწიფოს. მათმა მხარდამჭერებმაც კი უარი თქვეს ძალადობრივ პროცესებზე, შეიძლება არჩევნებში მხარს უჭერდეს საზოგადოების ნაწილი "ნაცმოძრაობას" და თუ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს, მაგრამ ისინი მხარს არ უჭერენ რადიკალურ ნაბიჯებს და ქუჩის აქციებს, ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ ოპოზიცია ამას უნდა მიხვდეს და დაიწყოს მზადება და მეცადინეობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.