#თავისუფლებამიშას - 21 დეკემბერს, 18:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქციას აანონსებს. ინფორმაციას პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობის პირველივე დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა. თვეზე მეტი ხნის განმავლობაში სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.
8 ნოემბერს სააკაშვილი გადაიყვანეს გლდანის ციხის ტერიტორიაზე მდებარე, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. მიხეილ სააკაშვილი ამჟამად გორის სამხედრო ჰოსპიტალში რეაბილიტაციას გადის. ის კლინიკაში 19 ნოემბერს, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გადაიყვანეს.
2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.