შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კარი უკრაინისა და საქართველოსთვის ღიაა. ამის შესახებ ბლინკენმა ტელეარხ NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი განცხადებით, ნატო-მ ღია კარის პოლიტიკა საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჯერ კიდევ 2008 წელს დაადასტურა.
"ალიანსმა 2008 წელს დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის. საქართველოსა და უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების სურვილი თუ ექნებათ და მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, ეს საკითხის გადაწყვეტას მოაახლოებს. ნატომ დაარსების დღიდან ნათლად აჩვენა, რომ მისი კარი ღია იქნება ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის წევრობისკენ და დააკმაყოფილებს აუცილებელ კრიტერიუმებს", - თქვა ბლინკენმა.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნატოს მოსთხოვა, "ოფიციალურად უარი თქვას 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე" უკრაინისა და საქართველოს მომავალი წევრობის შესაძლებლობის შესახებ.
რუსეთის განცხადებით პასუხად, ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსი თავის პოზიციას არ შეცვლის და ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს თავისი კურსი, განსაზღვროს საკუთარი უსაფრთხოების სტრატეგია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა. თბილისი მოსკოვის მოწოდებას მიუღებელს უწოდებს.
2008 წლის აპრილში ბუქარესტში გამართულ ნატოს სამიტზე ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ალიანსის ქვეყნები მიესალმებიან უკრაინისა და საქართველოს მისწრაფებებს წევრობისკენ.
"დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ქვეყნები შეუერთდებიან ნატოს", - ნათქვამია ბუქარესტის სამიტის განცხადებაში.