ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომლის თანახმადაც კრემლი ალიანსისგან მოითხოვს, ოფიციალურად უარი თქვას უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე.
10 დეკემბერს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს პოზიცია უცვლელია.
"მიუღებელია რუსეთის მცდელობა, აღადგინოს სისტემა, სადაც რუსეთს მსგავს ძალებს გააჩნდათ გავლენის სფეროები და ისინი წყვეტდნენ და აკონტროლებდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ სხვა სახელმწიფოებს", - თქვა სტოლტენბერგმა.
გენერალური მდივნის განცხადებით, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს თავისი კურსი, განსაზღვროს საკუთარი უსაფრთხოების სტრატეგია და ეს გამყარებულია სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტებით, მათ შორის, ჰელსინკის აქტითა და პარიზის ქარტიით.
რამდენიმე საათით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსთხოვა ალიანსს "ოფიციალურად უარი ეთქვა 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე" უკრაინისა და საქართველოს მომავალი წევრობის შესაძლებლობის შესახებ.
მოსკოვის განცხადებით, ნატოს ეს ნაბიჯი შესაბამისობაში მოვა "ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტურ ინტერესებთან", რადგან კიევისა და თბილისის ალიანსში მიღების პერსპექტივა ეწინააღმდეგება ეუთოს ქვეყნების ლიდერების ვალდებულებას "არ გააძლიერონ თავიანთი უსაფრთხოება სხვათა უსაფრთხოების ხარჯზე".
2008 წლის აპრილში ბუქარესტში გამართულ ნატოს სამიტზე ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ალიანსის ქვეყნები მიესალმებიან უკრაინისა და საქართველოს მისწრაფებებს წევრობისკენ.
"დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ქვეყნები შეუერთდებიან ნატოს", - ნათქვამია ბუქარესტის სამიტის განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა. თბილისი მოსკოვის მოწოდებას მიუღებელს უწოდებს.