გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის განცხადებით, მოცემულ ვითარებაში ვერ მოხდება რუსულ გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის სერტიფიცირება. ამის შესახებ ბერბოკმა გერმანულ ტელეარხ ZDF-სთან განაცხადა.
ბერბოკის განცხადებით, გერმანიის მმართველი პარტიები, ახალი სამთავრობო კოალიციის ფორმირებისას, შეთანხმდნენ, რომ მსგავსი პროექტები უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ ენერგეტიკულ კანონმდებლობას.
"და ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ვითარებაში, მილსადენის დამტკიცება შეუძლებელია", - თქვა ბერბოკმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მილსადენი "ჯერ კიდევ არ აკმაყოფილებს ევროკავშირის გაზის დირექტივას" და „უსაფრთხოების საკითხი გადაუჭრელი რჩება". ანალენა ბერბოკს არ დაუკონკრეტებია თუ რას გულისხმობს ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან შეუთავსებლობა და უსაფრთხოების საკითხები.
უკრაინის კონფლიქტის თემასთან დაკავშირებით, ბერბოკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "უკრაინის სუვერენიტეტის აღიარება არის ჩვენი ყველა ქმედებისა და მოლაპარაკების საფუძველი" რუსეთთან.
ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ "მოლაპარაკების კარი ყოველთვის და ნებისმიერ დროს ღიაა“. ამიტომ, შვიდეულის ჯგუფის ქვეყნები მზად არიან, სცადონ რუსეთთან მოლაპარაკებების ნორმანდიულ ფორმატში დაბრუნება".
შეგახსენებთ, ნოემბერში გერმანიის მარეგულირებელმა ორგანომ "ჩრდილოეთი ნაკადი 2"-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.