ათასობით ადამიანი გამოვიდა ავსტრიის დედაქალაქ ვენის ქუჩებში, მთავრობის მიერ შემოღებული კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთი შეზღუდვების წინააღმდეგ, რომელიც სავალდებულო ვაქცინაციასაც მოიცავს.
ვენის პოლიციის განცხადებით, მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე, რომელიც ზედიზედ მეოთხე კვირა დღეა იმართება, 44 ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას.
ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები ძირითადად მიემართება იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილები.
მომიტინგეები, რომლებსაც მხარს უჭერს ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტია, ეწინააღმდეგებიან მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც თებერვლიდან ვაქცინაცია სავალდებულო გახდება.
ავსტრია პირველი ქვეყანაა ევროკავშირში, რომელმაც ვაქცინაცია სავალდებულო გახადა 14 წელზე უფროსი ასაკის ყველა მოქალაქისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვაქცინა ჯანმრთელობის მდგომარების გამო არ არის რეკომენდებული.
სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგები აცხადებენ, რომ უნდა ჰქონდეთ თავისუფლება, თავად გადაწყვიტონ, გაიკეთო თუ არა ვაქცინა. ოპონენტებს მთავრობა პასუხობს, რომ ძალის გამოყენებით არავის აცრიან, მაგრამ ვინც უარს იტყვის აცრაზე, 3600 ევრომდე დაჯარიმდება.
ვენის პარალელურად შედარებით მცირე მასშტაბი საპროტესტო აქციები გაიმართა ქალაქ კლაგენფურტსა და ლინცში.
ავსტრიაში, რომლის მოსახლეობა 8.9 მილიონ მოქალაქეს ითვლის, პანდემიის დაწყების დღიდან ვირუსით ინფიცირების 1.2 მილიონი შემთხვევაა აღრიცხული, გარდაიცვალა 13 000-ზე მეტი ადამიანი.
მოსახლეობის დაახლოებით 68% სრულად ვაქცინირებულია, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია დასავლეთ ევროპაში.