ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა მისთვისაც მოულოდნელი იყო.
გაბუნიას თქმით, მინისტრის გადადგომის შესახებ 9 დეკემბერს შეიტყო.
"მიზეზებთან დაკავშირებით, ქალბატონმა მინისტრმა გუშინ თავად არ ისაუბრა. მე ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერაფერს გავაკეთებ. ვფიქრობ, ეს არის ცვლილების დრო და აი, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მინისტრმა მიიღო იმისთვის, რომ მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და შესაძლებლობები ნაყოფიერად მოხმარდეს ისევ და ისევ ქვეყნის პოლიტიკურ აქტივობებსა და სამომავლოდ ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას.
რაც შეეხება თავად გადაწყვეტილებას, არ იყო მოსალოდნელი, მოულოდნელი განცხადება იყო. გადაწყვეტილება ჩვენთვისაც გუშინ გახდა ცნობილი", - თქვა გაბუნიამ.
ამასთან, თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განხილვა გამორიცხა. მისივე თქმით, ამ დროისთვის უცნობია, გააგრძელებს თუ არა სამინისტროში მუშაობას.
"ალბათ, სტანდარტული პროცედურა თქვენთვის ცნობილია - როდესაც მინისტრი ტოვებს პოზიციას, მინისტრის მოადგილეებიც ტოვებენ პოზიციას. შემდეგ ახალი მინისტრი გადაწყვეტს, როგორი გუნდითა და შემადგენლობით გააგრძელებს მუშაობას", - განაცხადა გაბუნიამ.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა. ტიკარაძე მინისტრის მოვალეობას წლის ბოლომდე შეასრულებს, შემდეგ კი მუშაობას "ქართული ოცნების " პოლიტსაბჭოში განაგრძნობს.