პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გამოეხმაურა.
ვოლსკის ვარაუდით, შესაძლოა, ტიკარაძის გადადგომის მიზეზი გადაღლილობა ყოფილიყო. მისივე თქმით, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს "მარგი ქმედების კოეფიციენტი ყოველთვის მაღალი ჰქონდა".
"ერთი რამე მინდა თქვა, მაგარი ქალბატონია და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს კოვიდის პირველი დღიდან და იქამდე კიდე საკმაოდ სერიოზული თემებს ატარებდა თავის მხრებზე. უშველებელი სისტემა, ბევრი საკითხი მოსაგვარებელი და აი, ამ დროს კოვიდი შემოვარდნილი, ამდენი მსხვერპლი, რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, რასაკვირველია, გადაღლილობა არის საგანგებო, ერთ-ერთი მიზეზი. მე მგონია ასე, ჩემი აზრია ეს. რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდა, ალბათ, გავა დრო და თვითონაც კარგად ილაპარაკებს.
ხდება ხოლმე, კამათიც ხდება, გუნდიდან ვიღაცის წასვლა, თუმცა ეკა არსად არ წასულა, პოლიტსაბჭოს წევრია და საკმაოდ ისეთია, ქმედითია, მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა ყოველთვის მაღალი ჰქონდა და არამარტო იმ სფეროში, რასაც ხელმძღვანელობდა. საკითხების განხილვის დროს საკმაოდ კომპეტენტური მოსაზრებები გამოუთქვამს. არის რეალობა, რაც გვაქვს. არის პრემიერ-მინისტრი, მისი შეხედულებები და გარკვეული იერარქია, რომელიც უნდა დავიცვათ", - თქვა ვოლსკიმ.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დღეს, 2021 წლის 9 დეკემბერს დატოვა. ის ამ თანამდებობაზე 2019 წლის 18 ივნისს დაინიშნა.