დევნილების დაბრუნების ოცნებებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, 2008 წლის ომმა ბოლო მოუღო - წერს გავლენიანი გამოცემა The Economist საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში.
სტატიის მიხედვით, დევნილების თემა ერთ-ერთი იმ პრობლემათაგანია, რომელიც დგას საქართველოს წინაშე, სადაც დაახლოებით 230 000 - მა ადამიანმა საკუთარი საცხოვრებელი 1990-იანი წლების დასაწყისის კონფლიქტების დროს იძულებით დატოვა და დაახლოებით 20 000-ზე მეტი ასევე იძულებით გახდა დევნილი 2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ.
"ამ ადამიანთაგან ზოგიერთმა ახალი ცხოვრება მოიწყო: მათ აქვთ სამუშაო, საკუთრება და ნორმალური მოქალაქეებივით ცხოვრობენ. მაგრამ უმრავლესობა გეტოში ცხოვრობს და მთავრობის გამხნევების ამარაა დარჩენილი, რომელიც მას არწმუნებს, რომ დაბრუნების პერსპექტივა გამოყოფილ რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, გარდაუვალია. 2008 წლის ომმა ასეთ ოცნებებს ბოლო მოუღო. მართალია ქართველი ჩინოვნიკები ჯერ კიდევ იცავენ ამ ტერიტორიების დაბრუნების უფლებას, რომელთაგან ორივეში რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, თუმცა აღიარებენ, რომ ეს მალე ვერანაირად ვერ მოხდება", - აღნიშნულია სტატიაში.
სტატიაში როგორც წერია, საქართველოს მთავრობა "ადგილობრივი ინტეგრაციის" პოლიტიკას ახორციელებს, რაც საკუთრების უფლების გადაცემას, მომსახურებასთან თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და ავტონომიურობის წახალისებას სახელმწიფოზე დამოკიდებულების ნაცვლად ითვალისწინებს.
"აქ შედის ახალი დასახლებების მშენებლობა, კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაცია და პრივატიზება, ასევე ფულადი კომპენსაციის შეთავაზება მათთვის ვისაც ეს არ სურს. უცხოელმა დონორებმა დახმარება არ დააყოვნეს. 2008 წლის ოქტომბერში კონფერენციაზე გადაწყდა, რომ ქვეყნის რებილიტაციისთვის 4,5 მილიარდ დოლარს გამოყოფდნენ და ამ თანხიდან დევნილთა საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის საკმაოდ დიდი ნაწილი განისაზღვრა. თანხის დიდი ნაწილი მთავრობის გავლით დაიხარჯა. ქართველმა ჩინოვნიკებმა პოლიტიკისა და პროცესების კორექტირებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიწვიეს, რომლებიც ხშირად მთავრობის ხმამაღალი კრიტიკოსები არიან. პროგრამების დიდი ნაწილი, რომელიც მოიცავდა მინიმალური საცხოვრებელი სტანდარტების დაკმაყოფილებას და არეგულირებდა ერთი ადგილიდან მეორეგან გადასახლების პროცესის მმართვის პრინციპებს, მოწონებულ იქნა", - განმარტებულია სტატიაში.
სტატიის მიხედვით, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ძალიან ცოტა რამ გააკეთა გამოსახლებულთა დასამშვიდებლად.
"თბილისში საცხოვრებელი ფართის დეფიციტის გამო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დევნილებს საცხოვრებელი დასავლეთ საქართველოს მოშორებულ რაიონებში შესთავაზა. თუმცა მან მაინც ძალიან ცოტა რამ გააკეთა გამოსახლებულთა დასამშვიდებლად, რომლებმაც რამდენიმე კვირა სამინისტროს წინ კარვებში გაატარეს. ადამიანები, რომლებიც ომის გამო ერთხელ უკვე იძულებულნი გახდნენ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ, მეორედ ამის გადატანა აღარ სურთ. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა დევნილმა ბენზინი გადაისხა და საკუთარ თავს ცეცხლი წაუკიდა. ის დღემდე რეანიმაციაშია", - იუწყება The Economist.