ევროპამ ქართველი მეზღვაურების დიპლომების დასაშვებობა ეჭქვეშ დააყენა, რაც იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, ქართველი მეზღვაურები ევროპულ გემებზე ვერ დასაქმდნენ.
როგორც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა, საქართველოს მთავრობა ამ საკითხზე ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს.
"ამ საკითხზე ბრიუსელში ევროკავშირთან და ევროპის საზღვაო ორგანიზაციასთან შეხვედრები უკვე გვქონდა. საფრთხე არსებობს, რომ 2011 წლიდან ქართული დიპლომებით მეზღვაურები ევროკავშირში ვერ იმუშავებენ. ევროკავშირთან და ევროპის საზღვაო ორგანიზაციასთან შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ ახალ რეფორმებზე და ამ ორგანიზაციებღან ერთად ახალ სტრატეგიას დავწერთ, რათა პრობლემები აღარ არსებობდეს",- განაცხადა ვერა ქობალიამ.
მინისტრის განმარტებით, 2006 წელს საქართველოში ჩამოსული იყო ევროკავშირის აუდიტი და იმავე წელსვე დადებული აუდიტორული დასკვნით, ევროკავშირმა საქართველოს რამოდენიმე პუნქტის შესრულება მოსთხოვა. რამდენიმე პუნქტი უკვე დაკმაყოფილებულია, თუმცა რამოდენიმე პუნქტის შესრულებისათვის ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 17 ნოემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ ქართველ მეზღვაურებმა, შესაძლოა, მუშაობა ვერ შეძლონ იმ გემებზე, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში შევლენ. მინისტრის თქმით, შესაძლო შეფერხების შესახებ საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაციაში გაფრთხილება უკვე მიიღეს.
ვერა ქობალიას განმარტებით, საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაცია ამ მხრივ მუშაობას იწყებს და ყველ შესაძლო გართულება თავიდან იქნება აცილებული.
ევროპის საზღვაო ორგანიზაცია "EMშA"-მ საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაციაში კვლევა 2006-2007 წლებში ჩაატარა. დარღვევების შესახებ კი გაფრთხილება საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაციამ მიმდინარე წელს მიიღო.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია დეკემბერი საქართველოს ექსპერტთა ჯგუფს მოავლენს, რომლებიც სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს.