საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა და მკურნალობას აგრძელებს.
საძაგლიშვილის განცხადებით, სააკაშვილის ჰქონდა მძაფრი და სამართლიანი პროტესტი, რის შემდეგაც პენიტენციურმა სამსახურმა უკან დაიხია.
გლდანის სამკურნალო დაწესებულებიდან ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ მიხეილ სააკშვილის მიმართ არაადამიანურ და წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობაში, გამოცხადდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მას შემდეგ, რაც დაიგულეს მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი გასული შენობიდან, შევიდნენ მასთან ოთახში. აქვე ხაზგასმით გვსურს დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ მადლობას ვუხდით მკურნალ ექიმს, ნინო გოგორიშვილს და სამედიცინო პერსონალს სრულად, მათთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზიები არ გვაქვს და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებიც ზუსტად მაშინ შევიდნენ, როცა ეს ადამიანები არ იმყოფებოდნენ იქ და განუცხადეს, რომ დისციპლინური წარმოების შედეგად გამოტანილი იყო გადაწყვეტილება – მას არ ექნებოდა შესაძლებლობა, მიეღო ვიზიტორები და შეეზღუდებოდა ტელეფონით სარგებლობის უფლება, ასევე ვერ ისარგებლებდა ტელევიზორით. ამაზე მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან მძაფრი რეაქცია და ამ ადამიანებს უბრალოდ დაატოვებინა პალატა, ამის გამო, არც დოკუმენტის დატოვება არ მომხდარა...
მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა მძაფრი, სამართლიანი პროტესტი და ამის შემდეგ მას აღუდგა სიგნალი. გუშინ მოხდა ეს და დღესაც აღდგენილი აქვს შესაძლებლობა, რომ უყუროს ტელევიზორს. რეალურად ვნახეთ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა უკან დაიხია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა დააფიქსირა მძაფრი პროტესტი. პროტესტის ის ფორმა, რომელიც გუშინ იყო გაჟღერებული, სწორედ იმის გამო, რომ მისთვის შეზღუდვები ამოქმედდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს შეზღუდვები, ფაქტობრივად გაუქმდა და უკან დაიხია პენიტენციურმა სამსახურმა, ბუნებრივია, რომ პროტესტის ეს ფორმა არის ამოწურული", - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, პენიტენციურმა სამსახურმა მის მიმართ ე.წ. დისციპლინური ზომების გატარება გადაწყვიტა, შეუზღუდა მას შეხვედრები და ჩამოართვა ტელევიზორი, რის გამოც მან, პროტესტის ნიშნად, მკურნალობა შეწყვიტა.
მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა უარყო ტელევიზორის ჩამორთმევისა და მნახველების შეზღუდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.