ადვოკატებმა უნდა მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს და მოითხოვონ სააკაშვილის უპირობო გათავისუფლება - ამბობს "მთავარი არხის" ეთერში ცენტრ "ემპათიას" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ე.წ. დისციპლინარული ზომების გატარებას ეხმაურება.
მისი თქმით, დისციპლინარული ზომების გატარება წამების განგრძობითი ფორმაა. მისივე განცხადებით, თანამდებობა დაუყოვნელივ უნდა დატოვოს იუსტიციის მინისტრმა.
"საუბარი გვაქვს წამების განგრძობით ფორმაზე, რომელიც გრძელდება ფსიქოლოგიური ზემოქმედების სახით და რა თქმა უნდა, მე არაერთგზის აღვნიშნე მანამდე, როცა სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო არაადამიანური მოპყრობის მუხლით, თუმცა ჩვენი წარმოდგენით უნდა ყოფილიყო გამოყენებული წამების მუხლი, საერთაშორისო სტანდარტით, მაშინვე მას უნდა განეცხადებინა, რომ ყველა ის პირი, ვინც სავარაუდოდ, ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილის წამებასა თუ ღირსების შემლახავ მოპყრობასა და არასათანადო მოპყრობაში, დროებით მაინც, გამოძიების დასრულებამდე, უნდა ყოფილიყო თანამდებობიდან გადაყენებული, ამას მოითხოვს საერთაშორისო სტანდარტი.
ჩვენ ვნახეთ სავალალო შედეგი, ეს საერთაშორისო სტანდარტი არ განხორციელდა, წამებაში ჩართული ადამიანები მიხეილ სააკაშვილმა ამოიცნო და ისინი აგრძელებენ თავიანთ სადისტურ ქმედებებს. სწორედ ეს არის განგრძობითი წამების ფორმა და როგორც მინიმუმ, სახელმწიფო ინსპექტორი ხვალ უნდა შევიდეს მიხეილ სააკაშვილთან, გამოკითხოს იგი, და მოითხოვოს ყველა ამ პირის თანამდებობიდან გადაყენება, მათ შორის მე-12 და მე-18 დაწესებულებაში, ვინც სავარაუდოდ, მის ფსიქოლოგიურ თუ არაადამიანურ მოპყრობაში იყო ჩართული და მე ვფიქრობ, რომ იუსტიციის მინისტრმაც უნდა დატოვოს თანამდებობა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, რა არის ალტერნატივა - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უნდა მიმართონ ადვოკატებმა ახალი დროებითი ღონისძიების მოხოვნით და ეს უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის უპირობო გათავისუფლება, ვინაიდან საქართველოს ციხეთა სისტემა მისი ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის წარმოადგენს საფრთხეს", - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა მის მიმართ ე.წ. დისციპლინური ზომების გატარება გადაწყვიტა, შეუზღუდა მას შეხვედრები და ჩამოართვა ტელევიზორი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად მკურნალობა შეწყვიტა.